გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის სამსახურის დელეგაცია

23/03/2016

საქართველოს მთავარ პროკურატურას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალური კრიმინალური სამსახურის პრეზიდენტის ჰოლგერ მიუნჰის ხელმძღვანელობით, გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის სამსახურის დელეგაცია ეწვია.
დელეგაციის წევრებს საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მისი აღმატებულება ბეტინა კადენბახი, გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის სამსახურის დელეგაციის წევრები – ფედერალური კრიმინალური სამსახურის მძიმე და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის დირექტორი (დოქტორი) საბინე ფოგტი, ტრანსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულისა და ფულის გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი მიჰაელ ნაგელი, ფედერალური კრიმინალური სამსახურის საერთაშორისო კოორდინაციის დეპარტამენტის პროტოკოლის სამმართველოს უფროსი ლიდია დიტცენი, ფედერალური კრიმინალური სამსახურის მეკავშირე ოფიცერი მიჰაელ რაილინგი, BKA -ს საერთაშორისო კოორდინაციის დეპარტამენტის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების სამმართველოს უფროსი ირის მუთი და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს კონსული და სამართლებრივი, საკონსულო განყოფილების უფროსი იოახიმ ჰეკერი, ასევე საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი, საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ დგებუაძე და პოლიციის ატაშე გერმანიის რესპუბლიკაში გვანცა ჩხვიმიანი.
შეხვედრაზე მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის სამსახურის დელეგაციის წევრებს პროკურატურის საქმიანობის სპეციფიკა და ძირითადი მიმართულებები გააცნეს. საუბარი შეეხო სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარებას. სტუმრებმა თავის მხრივ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებს მათი სამსახურის მუშაობის სპეციფიკა გააცნეს. შეხვედრაზე მხარეებმა გამოხატეს მზაობა და სურვილი ორ ქვეყანას შორის გააღრმავონ თანამშრომლობა და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0