საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა.
ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა, მიწვეული სტუმრის სტატუსით, მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის ქვეყნების გენერალური შტაბების უფროსების ფორმატში გამართულ ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის შეხვედრაში. შემდეგ კი ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ კოსტარაკოსს შეხვდა. შეხვედრებზე მხარეებმა ევროკავშირის ოპერაციების მიმდინარეობასა და ამ ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის საკითხებზე იმსჯელეს.
ვიზიტის მეორე დღეს ნატოს ქვეყნების გენერალური შტაბების უფროსების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის სხდომაზე საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხები განიხილეს.
გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მონაწილეობა მიიღო შტაბის უფროსების დონეზე ნატოს სამხედრო კომიტეტის პარტნიორობის სხვადასხვა ფორმატში გამართულ სხდომებში და შეხვედრები ასევე გამართა ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელთან, გენერალ პაველთან, ავღანეთში ნატოს გადამწყვეტი მხარდამჭერი მისიის სარდალთან, გენერალ ნიკოლსონთან და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსებთან.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში გუშინ დასრულდა.
გენერალური შტაბის უფროსის ორდღიანი ვიზიტი ბრიუსელში
19/05/2016