გენდერული თანასწორობის საკითხებზე პირველი ციფრული ბიბლიოთეკა შეიქმნა

19/12/2022

გენდერული თანასწორობის საბჭომ 2022 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში გენდერული თანასწორობის საკითხზე შექმნილი პირველი ციფრული ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიების მონაწილეებს შალვა პაპუაშვილმა მიმართა, გენდერული თანასწორობის საბჭოს პროდუქტიულ საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საბჭოს საქმიანობის მიმართ ინტერესი დიდია. პარლამენტის თავმჯდომარემ, გენდერული საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივებსა და ცვლილებებზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა როგორც საბჭოს წევრებს, ისე დონორ ორგანიზაციებს: გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდს (IFES), ციფრული ბიბლიოთეკის შექმნაში გაწეული დახმარებისთვის.

„მინდა მადლობა გადავუხადო დონორებს, ჩვენს ყველა მხარდამჭერს დახმარებისთვის, საქართველოს პარლამენტის გვერდით დგომისთვის და ჩართულობისთვის. მათი დიდი წვლილია, რომ არ დუნდება როგორც პარლამენტი, ისე ჩვენი ქვეყნის სხვა ინსტიტუციები,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ღონისძიებაზე გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანმა წარადგინა. მან დეტალურად ისაუბრა საბჭოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, ინიციატივებსა და მნიშვნელოვან აქტივობებზე, რომელიც წლის მანძილზე გენდერული თანასწორობის საბჭომ განახორციელა.

„2022 წლის მანძილზე საბჭოს მიერ განხორცილებული მნიშვნელოვანი ინიციატივებიდან მინდა გამოვყო: გენდერული თანასწორობის ახალი სახელმწიფო კონცეფცია, რომელიც უკვე ინიცირებულია; ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია, რომელიც პირველი პრეცენდენტია იმ კუთხით, რომ სახელმწიფო პოლიტიკის ხედვას ასე მულტისექტორულად, გრძელვადიან ჭრილში წარმოადგენს; გენდერული გავლენის ანალიზის (GIA) ინსტიტუციონალიზაცია; მსხვერპლის სტატუსის მიუხედავად სახელმწიფო სერვისების მიღების შესაძლებლობა და თემატური მოკვლევები. ამავდროულად, მინდა გითხრათ, რომ მომავალი წლიდან ფუნქციონირებას იწყებს ციფრული ბიბლიოთეკა, რომელიც გენდერული თანასწორობის საბჭოს და ჩვენი მეგობარი დონორი ორგანიზაციების დახმარებით შეიქმნა,“ – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა და IFES-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რენატა ლევოვსკიმ. ციფრული ბიბლიოთეკა ერთ სივრცეში აერთიანებს ქართულ და უცხოენოვან ლიტერატურას გენდერული თანასწორობის საკითხზე, რაც დაინტერესებული მხარეებისთვის მათ მოძიებას აიოლებს და კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. ციფრული ბიბლიოთეკა შეიქმნა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), შვედეთისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. ღონისძიების ფარგლებში სტუდენტების მონაწილეობით დისკუსიაც გაიმართა. საბჭოს საქმიანობის ანგარიშს და ელექტრონული ბიბლიოთეკის პრეზენტაციას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) თანამშრომლობით გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0