ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ტაილანდის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს თარით ჩაგუნგვატას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. იმის გათვალისწინებით, რომ ტაილანდი არ არის საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორი, მხარეებმა დასახეს მიმართულებები, რომლებიც თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარების საშუალებას იძლევა. გენადი არველაძემ ტაილანდის ელჩს ჩვენი ქვეყანის მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატის, ხელსაყრელი სავაჭრო რეჟიმების და ტურისტული ინდუსტრიის განვითარების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
თავის მხრივ ელჩმა აღნიშნა რომ, ბოლო წლებში საქართველოში ტაილანდიდან ტურისტული ნაკადი გაიზარდა, რაც საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მიმზიდველობისა და საინტერესო ტურისტული მარშრუტების დამსახურებაა.
შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს ქართული პროდუქციის ტაილანდის სამომხმარებლო ბაზარზე შეტანისა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. ამ კუთხით ხაზი გაესვა ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ტაილანდში ექსპორტის პერსპექტივებს.
გენადი არველაძე თარით ჩაგუნგვატას შეხვდა
29/08/2016