გელა სამხარაული თუშეთში მცხოვრებთა პრობლემებს ადგილზე გაეცნო

09/08/2017

საქართველოს პარლამენტის წევრი, ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძესა და პარლამენტის წევრ დავით სონღულაშვილთან ერთად, თუშეთის სოფლებს ესტუმრა.
კანონმდებლებმა მაღალმთიან სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ადგილზე არსებული პრობლემები განიხილეს. მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ყურადღება ასევე დაეთმო მხარის სამომავლო პერსპექტივებსაც. დეპუტატები სოფელ დართლოს სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობასაც გაეცნენ.
ამ ეტაპზე, თუშეთის რამდენიმე სოფელში სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო თუ ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა: თუშეთის ცენტრის – სოფელ ომალოს წყალმომარაგების სიტემისთვის ახალი სათავე ნაგებობის მშენებლობა, სანიაღვრე და საკანალიზიციო სისტემების მოწყობა.
აღსანიშნავია, რომ 12 აგვისტოს, ომალოში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „თუშეთობა“ გაიმართება. მოსახლეობასთან შეხვედრებზე ამ საკითხსაც დაეთმო ყურადღება და დეპუტატები ამ დღისთვის დაგეგმილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოებითაც დაინტერესდნენ.
გელა სამხარაული: „პირადად ჩემთვის, საყურადღებოა მთიანი რეგიონების განვითარების მიმართულება. „თუშეთობის“ მსგავსი, ტრადიციული ღონისძიებებიც ერთ-ერთი მიმზიდველი კომპონენტია მხარის უკეთესად გაცნობისა და ეკოტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. თუშეთში დღეს მოსახლეობას ნამდვილად ბევრი პრობლემა აქვს, რომელიც გზას, წყალსა თუ შუქს უკავშირდება, მაგრამ სავსებით შესაძლებელია ეს სირთულეები ეტაპობრივად დაიძლიოს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ შევქმნათ კონკურენციისა და თანამედროვე ტენდენციების შესაბამისი განვითარების პირობები. მნიშვნელოვანია, რომ ამ მხარეში ყველა სოფელს, ყველა ადგილს თავისი ისტორიული დატვირთვა აქვს. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ აღდგება ხითანას სათემო ინფრასტრუქტურა და ეს ადგილი თავის ტრადიციულ დატვირთვასთან ერთად, ახალი აქტივობების ჩატარების ფუნქციასაც შეიძენს. აქ გამართულ დოღს კი ექნება უფრო ორგანიზებული, სანახაობრივი სახე, რაც მის მასშტაბებს გაზრდის და ვიზიტორებს მოიზიდავს. ვხედავთ, რომ თუშეთში იზრდება სასტუმროების რაოდენობაც, რომელთა უმეტესობა სახელმწიფოს მხარდაჭერით და პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ თანადაფინასებით შენდება. თვალნათელია ტურიზმის განვითარების ტემპი, რაც, ბუნებრივია, ხელშეწყობის გარეშე ვერ მოხერხდებოდა. მალე დასრულდება კვლევები „თუშეთის სივრცული დაგეგმარების პროგრამის“ ფარგლებშიც, რაც თუშეთის ელექტრო ენერგიით მომარაგებისა და სხვა არსებული პრობლემების მოგვარების საკითხებს უფრო ორგანიზებულ სახეს მისცემს“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0