გელათის სამონასტრო კომპლექსის საკითხი მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41-ე სესიაზე განიხილება

07/07/2017

2017 წლის 2-12 ივლისის ჩათვლით, პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარეობს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41-ე სესია, სადაც სხვა საკითხებთან ერთად იხილება გელათის სამონასტრო კომპლექსის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის საკითხი (ბაგრატის ტაძრისა და გელათის მონასტრის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის საზღვრების მნიშვნელოვანი მოდიფიკაციის კონტექსტში).

შეგახსენებთ, რომ გელათის მონასტერი, ბაგრატის საკათედრო ტაძართან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ჯერ კიდევ 1994 წელს შევიდა. 2008 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მითითებების უგულებელყოფით ბაგრატის სარეკონსტრუქციო პროცესის დაწყების შედეგად, 2010 წელს ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის მონასტერი საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში იქნა გადატანილი (34 COM 7B.88).

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მრჩეველი ორგანოს – ICOMOS-ის შეფასებით ბაგრატის საკათედრო ტაძარმა სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად დაკარგა განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო ღირებულება, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა, გაითვალისწინა რა გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსერვაცია-რეაბილიტაციის მიზნით, სახელმწიფოს მიერ გაწეული უდიდესი ძალისხმევა, 2013 წელს მიიღო უპრეცენდენტოდ კომპრომისული გადაწყვეტილება (37 COM 7A.32), რითაც სახელმწიფოს დაევალა ბაგრატისა და გელათის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის საზღვრების მნიშვნელოვანი მოდიფიკაციის დოკუმენტაციის მომზადება, რათა შექმნილიყო მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში გელათის მონასტრის დამოუკიდებელი ძეგლის სტატუსით დაბრუნების შესაძლებლობა.

ამ ახალი გამოწვევის საპასუხოდ, სახელმწიფომ არ დაიშურა ძალისხმევა, რათა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და ICOMOS-თან აქტიური თანამშრომლობით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, წამყვანი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მოემზადებინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია. აღსანიშნავია, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსზე მიმდინარე საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო პროცესები სრულ თანხვედრაშია მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის სახელმძღვანელო პრინციპებთან და მიმდინარეობს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და მის მრჩეველ ორგანოებთან ინტენსიური და ნაყოფიერი კომუნიკაციის ფონზე.

კიდევ მეტიც, სახელმწიფო, მსოფლიო მემკვდრეობის ცენტრთან და მის მრჩეველ ორგანოებთან თანამშორმლობით, აქტიურად მუშაობს მსოფლიო მემკვიდრეობისეროვნული წინასწარული ნუსხის განახლებაზე, რაც მყარ საფუძველს ქმნის მომავალ წლებში მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის ფარგლებში ახალი წარმატებული ნომინაციებისათვის, რათა საქართველოს უნიკალური კულტურული და ბუნებრივი მრავალფეროვნებაღირსეულად წარმოჩინდეს მსოფლიო მემკვიდრეობის რუკაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0