გეგმები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ვერ იქნება რეალიზებული

27/09/2016

არჩევნები ჩატარდება მშვიდობიანად და გეგმები, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ვერ იქნება რეალიზებული, – ამის შესახებ გია ვოლსკიმ ინტერნეტში გავრცელებული აუდიოჩანაწერის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ, არამედ ნებისმიერ დროს სახელმწიფოს აქვს რესურსი, რომ არეულობა აღკვეთოს.

„რაც შეეხება მოლოდინებს, მაქვს მოლოდინი, რომ არჩევნები ჩატარდება მშვიდობიანად და ის გეგმები, რომელიც არსებობს, ვერ იქნება რეალიზებული, ვინაიდან საზოგადოება ამისთვის მზად არის და ზოგადად ამ ყველაფრის ორგანიზატორებიც ძალიან შორს არიან და მოწყვეტილი არიან რეალობას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ინტერნეტსივრცეში სავარაუდოდ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. აუდიოჩანაწერის თანახმად, საუბარში მონაწილე პირები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ. უფრო კონკრეტულად, მიხეილ სააკაშვილის თქმით, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ რევოლუციური სცენარი სწორია, თუმცა თუ ეს არ გამოვა, კოალიციებისთვის უნდა მოემზადონ, რასაც ექს-პრეზიდენტი არ ეთანხმება.

„ვისაც კოალიციებისთვის უნდა მომზადება, მოემზადოს. მე არანაირი სურვილი არ მაქვს, მაგისთვის არ ვიბრძვი“, – აცხადებს სააკაშვილი აუდიოჩანაწერის თანახმად და იქვე დასძენს, რომ „რუსთავი მოამწიფებს ამ პიკს“.
აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ირმა ნადირაშვილი, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი, გიგი წერეთელი ფიგურირებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0