იურდიულ საკითხთა კომიტეტმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ 2019 წლის ანგარიში მოისმინა. კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ერთ-ერთი სამაგალითო და სანიმუშოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თვალსაზრისით.
„ჩვენ ვართ ერთგულნი სამართლებრივი პრინციპებისადმი, რომელიც აერთიანებს ევროპულ სამართლებრივ სივრცეს. ჩვენ ვართ ერთგულნი იმ უფლებების დაცვისადმი, რომელიც პრინციპულია ევროპული კონვენციისადმი და შეეხება სიცოცხლის უფლებას, წამების აკრძალვას, სამართლიანი სასამართლოს უფლებას“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, წარმოდგენილ ანგარიშში, ძირითადად, 2012 წლამდე ჩადენილ ადამიანის უფლებების მძიმე და უხეშ დარღვევებს ვხვდებით, სადაც საუბარია სიცოცხლის ხელყოფის უფლებაზე, წამების აკრძალვის ხელყოფაზე, სამართლიანი სასამართლოს ხელყოფაზე, რასაც ადგილი ჰქონდა 2012 წლამდე ჩადენილი ქმედებების დროს.
„ჩვენი ხელისუფლების პირობებში გავატარეთ და ვატარებთ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს ადამიანის უფლებების სტანდარტის გაუმჯობესების თვალსაზრისით, გავატარეთ მნიშვნელოვანი რეფორმა სასამართლოს სისტემის თვალსაზრისით. პროკურატურასთან მიმართებაში საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე ცვლილებებმა უზრუნველყო, რომ პროკურატურა აღარ წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილს და იგი დამოუკიდებელი ორგანოა. ჩვენ შევქმენით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის ძალიან მნიშვნელოვანი სამსახურია და განხორციელდა არა ერთი სისტემური განახლების რეფორმა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ფარგლებში, რომლებმაც კიდევ უფრო გააუმჯობესა და მაღალი სტანდარტი დააწესა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, გატარებული რეფორმების შედეგია, რომ სტრასბურგის სასამართლოში 2010 წლიდან 2020 წლამდე საქმეების რაოდენობა თითქმის ხუთჯერ შემცირდა და მაშინ, როდესაც საუბარია ჩვენი მოქალაქეების მიმართვიანობის ხუთჯერ შემცირებაზე, ეს მიუთითებს, ერთი მხრივ, სასამართლო სისტემის მიმართ ნდობაზე, და მეორე მხრივ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გატარებულ არაერთ რეფორმაზე.
„აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ 2012 წლამდე ჩადენილი ქმედებების გამო, რაც გამოიხატა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში, ჩვენ ხელისუფლებას უწევს კომპენსაციის სახით მილიონობით ლარის გადახდა ჩვენი მოქალაქეებისთვის. რა თქმა უნდა, თანხა ვერ შეცვლის ვერანაირ უფლების აღდგენას, მაშინ როდესაც საუბარია უმძიმეს დარღვევებზე და მუხლებზე, თუმცა ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები პირნათლად შევასრულოთ და 2012 წლამდე არსებული უხეში დარღვევების შედეგად ჩვენი მოქალაქეების უფლებები მინიმალური სტანდარტით, თანხობრივად მაინც აღვადგინოთ“, – აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ანგარიში სხდომაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ წარმოადგინა. ანგარიში მოიცავს აღსრულების, როგორც ინდივიდუალურ ღონისძიებებს, კერძოდ, მომჩივანთათვის ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევები შედეგების მაქსიმალურად გამოსწორებას/აღმოფხვრას, ასევე კომპლექსური ხასიათის ზოგად ღონისძიებებს, რომელთა მიზანია მსგავსი დარღვევების პრევენცია. გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, გასულ წლებთან შედარებით ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიმართ წარდგენილი საჩივრების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია.
„თუ 2011 წელს საქართველოს მიმართ წარდგენილი იყო 395 საჩივარი, ხოლო 2012 წელს – 367, 2019 წელს იყო მხოლოდ 130 საჩივარი. 2012 წლისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წარმოებაში იყო საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 2883 საქმე, ხოლო 2019 წლის ბოლოს არსებული მონაცემებით ევროპული სასამართლო საქართველოსთან მიმართებით მხოლოდ 600 საქმეს განიხილავს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, აღნიშნული მონაცემები ასახავს იმ ძალისხმევას და იმ რეფორმების შედეგებს, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან ტარდება. დახურულ და აღსრულებულ საქმეებზე საუბრისას, გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში მინისტრთა კომიტეტმა საბოლოო რეზოლუცია მიიღო და აღსრულებულად გამოაცხადა 6 საქმე. ასევე, აღსრულდა კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი 2 განჩინება. შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში სულ აღსრულებულია 8 საქმე. ანგარიშის თანახმად, 2012 წლიდან 2020 წლამდე საქმეების თითქმის ხუთჯერ შემცირება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ საქმეების აბსოლუტური უმრავლესობა მიუღებლად გამოცხადდა ან სხვა საფუძვლით გამოირიცხა საქმეთა ნუსხიდან. ანგარიშში, ასევე აღნიშნულია, რომ ევროპული სასამართლო სტატისტიკა მიუთითებს იმაზეც, რომ მინიმუმამდე ნარჩუნდება იმ საქმეების რაოდენობა, რომელთა თაობაზეც სტრასბურგის სასამართლომ კითხვით მიმართა საქართველოს. კერძოდ, 2019 წელს სასამართლომ მხოლოდ 17 საქმეზე მიმართა კითხვით საქართველოს მთავრობას. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ დღევანდელ სხდომაზე, ასევე წარმოადგინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2019 წლის ანგარიში.
მისი თქმით, ამჟამად სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს მხოლოდ ერთ საქმეზე. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ასევე ისაუბრა გაეროს კომიტეტის მიერ საქართველოს მიართ სააღსრულებო წარმოების დახურვის შემთხვევაზე.
„იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ცვლილებების შედეგად შეიქმნა საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული გაეროს კომიტეტების გადაწყვეტილებათა აღსრულების ეფექტური მექანიზმი, რომლის საფუძველზე მომჩივნებმა აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებით ისარგებლეს და მიიღეს შესაბამისი კომპენსაციები, რაც ადასტურებს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ნორმების ეფექტიანი იმპლემენტაციის პრაქტიკას“, – აღნიშნა გოჩა ლორთქიფანიძემ.
ანგარიშების მოსმენის შემდეგ მოსაზრებები გამოთქვეს კომიტეტის წევრებმა. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული ანგარიშების საპარლამენტო ფორმატში განხილვა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოხდეს წარსულის გაანალიზება.
„სწორედ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის არაერთი რეზოლუცია და არაერთი რეკომენდაცია მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, რომ შექმნან ეს ფორმატი და ვართ რა ამ ევროპული თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი, მიგვაჩნია, რომ ეს ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ყოველთვის გავაანალიზოთ წარსული, დავინახოთ ის გამოწვევები, რაც გვაქვს და ვიზრუნოთ მუდმივად ადამიანის უფლებების შემდგომ განვითარებასა და პროგრესზე“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
კომიტეტის თავმჯდომარემ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში წარმოდგენილ რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე ისაუბრა, მათ შორის, ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ, ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ, ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, მოლაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, ასევე, 2009 წლის 25 აპრილისა და 15 ივნისის აქციის საქმეებზე. მან კოლეგებს ოპოზიციიდან კიდევ ერთხელ მოუწოდა, ჩაერთონ საპარლამენტო ფორმატში.
„ჩვენ სრულად ვაძლევთ შესაძლებლობას ყველას, ვისაც აქვს სურვილი საპარლამენტო ოპოზიციის ჯგუფს, რომ ჩაერთონ ამ პროცესში და ნუ მოგვიწოდებენ ლიტონად საპარლამენტო კონტროლზე. აი ეს არის საპარლამენტო კონტროლი, ეს არის ფორმატი, რა დროსაც მათ სრული შესაძლებლობა აქვთ, იყვნენ ჩართულნი და გამოთქვან მათ საკუთარი მოსაზრებები“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ანგარიშებში წარმოდგენილი მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები კომიტეტმა დადებითად შეაფასა. უსინათლო, ყრუ, სმენადაქვეითებული ან წერა-კითხვის არმცოდნე პირების მონაწილეობით გარიგების დადებასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტით, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა. კანონპროექტი თავდაპირველად ადგენს, რომ ასეთი გარიგება ფორმათავისუფალია (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და შემოთავაზებული რეგულაციები შეეხება მხოლოდ ამ პირთა მონაწილეობით გარიგების წერილობითი ფორმით დადებას.
კანონპროექტი განასხვავებს შემდეგ შემთხვევებს: წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირის მიერ გარიგების დადება – წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირი გარიგებას ხელს აწერს პირადად, ან მექანიკური ხელმოწერის (ფაქსიმილეს) საშუალებით, რაც ამ კანონპროექტის ერთ-ერთ სიახლეს წარმოადგენს. მექანიკური ხელმოწერის (ფაქსიმილეს) საშუალებით გარიგებაზე ხელის მოწერისას ხელმოწერა წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირმა აგრეთვე უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სანოტარო დოკუმენტი მექანიკური ხელმოწერის (ფაქსიმილეს) ნამდვილობის თაობაზე;
წერა-კითხვის მცოდნე ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის მიერ გარიგების დადება – წერა- კითხვის მცოდნე ყრუმ ან სმენადაქვეითებულმა თავად უნდა წაიკითხოს გარიგების ტექსტი და მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ იგი თავად წაიკითხა, შეესაბამება მის ნებას და იწონებს მას, რასაც ადასტურებს ხელმოწერით. საჭიროების შემთხვევაში ან გარიგების მონაწილე წერა-კითხვის მცოდნე ყრუ ან უსინათლო პირის მოთხოვნით, გარიგების დადებას შეიძლება დაესწროს თარჯიმანი;
წერა-კითხვის არმცოდნე, წერა-კითხვის არმცოდნე უსინათლო ან წერა-კითხვის არმცოდნე ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის მიერ გარიგების დადება-გარიგება უნდა დაიდოს მოწმის და თარჯიმნის თანდასწრებით. გარიგების მონაწილე პირი წერა-კითხვის არმცოდნე უსინათლო პირს უნდა წაეკითხოს გარიგების ტექსტი, რის შესახებაც უნდა აღინიშნოს გარიგებაში. წერა-კითხვის არმცოდნე ან წერა-კითხვის არმცოდნე უსინათლო პირს ტექსტი შეიძლება წაეკითხოს როგორც მოწმის, ასევე მეტყველების სინთეზატორის მეშვეობით. ამ შემთხვევაში გარიგების მონაწილე წერა-კითხვის არმცოდნე ან წერა-კითხვის არმცოდნე უსინათლო პირის ნაცვლად გარიგებას ხელს აწერს სხვა პირი;
საკანონმდებლო ინიციატივა ასევე განმარტავს, თუ რა იგულისხმება წერა კითხვის მცოდნე პირში. კერძოდ, ასეთად ჩაითვლება პირი, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია ინფორმაციის მიღება და გაცემა უშუალოდ გარიგების ტექსტიდან ან რომელიმე დამხმარე (ბრაილის ან სხვა სპეციალური შრიფტი, მეტყველების სინთეზატორი და სხვა) საშუალებით. სხვა შემთხვევაში, პირი ჩაითვლება წერა-კითხვის არმცოდნედ.
„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესის შევქმნათ ისეთი თანაბარი პირობები, რომ ადამიანის კონფიდენციალობა და ინდივიდუალური უფლებები უზრუნველყოფილი იყოს“, – განაცხადა კანონპროექტის წარდგენისას, პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად. კანონპროექტით წესრიგდება საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების საქართველოში დაფუძნებასთან და მართვასთან, აგრეთვე მათ მიერ ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები. კანონპროექტის საფუძველზე ასევე განისაზღვრება პირობები, რომლებიც, თანაბარი მოპყრობის პრინციპის გათვალისწინებით, დაარეგულირებს უცხოური საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების საქმიანობას საქართველოში.
„საქართველოში კაპიტალის ბაზარი საკმაოდ ადრეული განვითარების ეტაპზეა და საინვესტიციო ფონდების კანონი კაპიტალი ბაზრის და მისი განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ეს რეფორმა ძირითადად ემსახურება დაზოგვის კოლექტიური და ეფექტიანი მექანიზმების განვითარებას და ხელს შეუწყობს საქართველოში ფინანსური სისტემის დივერსიფიკაციას, რაც მდგრადობაზე პოზიტიურად აისახება“, – განაცხადა კანონპროექტის წარდგენისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ.
კანონპროექტით შემოთავაზებული საზედამხედველო ჩარჩო მოიცავს შემდეგ სუბიექტებს: 1) საინვესტიციო ფონდი, რომელიც დაფუძნებულია საქართველოში; 2) აქტივების მმართველი კომპანია (მისი დაფუძნების ადგილის მიუხედავად), რომელიც მართავს საქათველოში დაფუძნებულ საინვესტიციო ფონდს; 3) საქართველოში დაფუძნებული აქტივების მმართველი კომპანია, იმის მიუხედავად, არის თუ არა საქართველოში დაფუძნებული მისი მართვის ქვეშ მყოფი საინვესტიციო ფონდი; 4) უცხოური საინვესტიციო ფონდი, რომელიც ახორციელებს ერთეულების შეთავაზებას საქართველოში, აგრეთვე მისი აქტივების მმართველი კომპანია; 5) სხვა პირები (სპეციალიზებული დეპოზიტარები, აუდიტორები და სხვ.), რომლებიც ახორციელებენ კანონპროექტით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდების აქტივების ინვესტირებასთან, მართვასთან, შენახვა-ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საქმიანობას.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“ თანმდევ პროექტებთან ერთად.
კანონპროექტით იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ციფრული მმართველობის სააგენტო მომიჯნავე ფუნქციების მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირების – მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და „სმართ ლოჯიქის“ გაერთიანების გზით.
კანონპროექტის თანახმად, სააგენტოს საქმიანობის მთავარი მიმართულებებია: ციფრული მმართველობის განვითარება, სერვისების გაციფროვნება, ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა, მონაცემთა გაცვლის სისტემის მართვა და მათი ხელშემწყობი საკანონმდებლო, სტრატეგიული, პროცედურული ჩარჩოებისა და სტანდარტების შემუშავება.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას. პარლამენტის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენისთვის წარმოადგინა კანონპროექტი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“.
კანონპროექტის მიღების შედეგად გაიზრდება ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის ხარისხი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის გამკაცრების, ასევე აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციულ – სამართლებრივი სანქციების შემოღების გზით.
კანონპროექტი ითვალისწინებს მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების ცვლილებას რამდენიმე ძირითადი მიმართულებით, ესენია:
1. კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების კატეგორიზაცია; 2. ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფლებამოსილებათა განსაზღვრა; 3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი სანქციების შემოღება.
„განსაკუთრებით პანდემიის პირობებში ყველა ვხედავთ, რომ კიბერუსაფრთხოება არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის, კიდევ უფრო აქტუალური ხდება ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ, კარგია რომ დროულად ხდება სახელმწიფოს მხრიდან ამ საკითხებზე რეაგირება“, განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ასევე მეორე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
წარმოდგენილი ცვლილებით, კანონს ემატება ახალი მუხლი – შავი წერტილების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა, რომელშიც მოცემულია „შავი წერტილის“ განმარტება, ასევე შავი წერტილის იდენტიფიცირებასა და მის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით უწყებების მოვალეობები და შავი წერტილების აღმოფხვრისათვის წესების შემუშავებისა და ღონისძიებების განხორციელების ვალდებულებები. კანონპროექტის თანახმად, „შავი წერტილი“ გულისხმობს საერთო სარგებლობის საავტომობილო გზის არაუმეტეს სამას მეტრიან მონაკვეთს, რომლის ფარგლებში სამი კალენდარული წლის განმავლობაში დაფიქსირებულია:
ა) ადამიანის დაღუპვით დასრულებული არანაკლებ ოთხი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ან;
ბ) ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან/და დაღუპვით დასრულებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რომელთა რიცხვი ჯამურად შეადგენს არანაკლებ ათს.
ცვლილებების მიხედვით, „შავი წერტილის“ იდენტიფიცირებასა და მის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას საავტომობილო გზების დეპარტამენტის ან/და მუნიციპალიტეტების ორგანოებისთვის, მათ მართვაში არსებული საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიხედვით, ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.