გასულ წელს არსებული დადებითი დინამიკა 2023 წლის იანვარშიც გაგრძელდა

20/02/2023

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და ტენდენციებზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილის შეფასებით, გასულ წელს არსებული დადებითი დინამიკა 2023 წლის იანვარშიც გაგრძელდა.

„2023 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტის მოცულობამ 259 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ზრდა დაახლოებით 12% იყო. შესაბამისად, იანვარში გაგრძელდა ის დადებითი ტენდენციები, რომლებიც სავაჭრო კუთხით 2022 წლის განმავლობაში გვქონდა. ასევე 2023 წლის იანვარში მთლიანი ექსპორტი 38.5%-ით გაიზარდა და თითქმის ნახევარი მილიარდი, უფრო ზუსტად კი 460 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – როგორც ადგილობრივი, ისე რეექსპორტის ჩათვლით. იანვარში ასევე იმპორტი გაიზარდა 25.2 პროცენტით და 1 002.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. შესაბამისად, იანვარში სავაჭრო ბრუნვა მილიარდ-ნახევარ დოლარამდე იყო, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით თითქმის 30%-ით არის გაზრდილი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილი თქმით, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ექსპორტი გაიზარდა ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან, ახლო სამეზობლო ქვეყნებთან. 2023 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტი მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე თურქეთში, ჩინეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0