გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

10/04/2024

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ენერგეტიკული გაერთიანების ევროპის მწვანე შეთანხმების სამმართველოს უფროსს ადამ ცვეჩთან და ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ისაუბრეს კლიმატის ცვლილების შესახებ კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს პარლამენტში შემუშავდა და მისი განხილვა ახლო მომავალში იგეგმება.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხის, კლიმატის ცვლილების შესახებ კანონის მიღების თაობაზე, რომელიც ქვეყანაში ემისიებით ვაჭრობასთან და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებს დაარეგულირებს. ასევე იმ ძირითად ვალდებულებებს განსაზღვრავს, რაც სახელმწიფო უწყებებს კლიმატის ცვლილებების კუთხით აქვს ნაკისრი, როგორც პარიზის შეთანხმებით, ასევე ევროპის ენერგო გაერთიანებაში მიერთებით.
მნიშვნელოვანია, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით, ფართო საზოგადოებრივი განხილვების და კონსულტაციების საფუძველზე, პარლამენტში შემუშავებულია კლიმატის ცვლილების შესახებ კანონპროექტი, რომელიც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს ენერგოეფექტურობის კუთხით, ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული საკითხები დააკმაყოფილოს. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება სრულიად ახალი კანონპროექტი, რომელიც ემისიებით ვაჭრობასთან მონიტორინგის და ვერიფიკაციის სისტემის ჩამოყალიბებასთან, ასევე კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებს განსაზღვრავს“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხატია წილოსანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

როგორც ევროპის მწვანე შეთანხმების სამმართველოს უფროსმა განაცხადა, კომიტეტის წევრებთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან იმ ძირითად ასპექტებზე იმსჯელეს, რომელიც კლიმატის ცვლილების შესახებ კანონის მიღებამ უნდა დაარეგულიროს საქართველოში.

„ევროპის ენერგო გაერთიანება რჩება საქართველოს ერთგულ მხარდამჭერად, რათა შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც ენერგო გაერთიანების წევრობის ფარგლებში აქვს ნაკისრი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დროულად გავეცნოთ კლიმატის ცვლილების შესახებ კანონის სამუშაო ვერსიას, რომ საქართველოს სრულყოფილი კანონმდებლობის მიღებაში დავეხმაროთ“, – განაცხადა ადამ ცვეჩმა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და ევროპის ენერგო გაერთიანების ექსპერტები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0