გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა სამუშაო შეხვედრაზე ქალაქ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ ანგარიში მოისმინა, რომელიც რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა ნინო ლაცაბიძემ წარადგინა.
მან ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის შესრულების თაობაზე ისაუბრა და ის ღონისძიებები შეაჯამა, რომელიც ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად რუსთავში გატარდა.
„ატმოსფერული ჰაერის დაცვა ერთ-ერთი ის პრიორიტეტია, რომელზეც კომიტეტი აქტიურად მუშაობს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და მუნიციპალიტეტებთან ერთად. რუსთავის მერისგან დღეს მოვისმინეთ ინფორმაცია ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გეგმის აღსრულებასთან დაკავშირებით. დინამიკა ძალიან პოზიტიურია, როგორც საწარმოების, ასევე ტრანსპორტისგან მომდინარე დაბინძურების მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ქალაქ რუსთავში არსებული 50 საწარმოდან 32 უკვე ავტომატური მონიტორინგის ქსელშია ჩართული. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ თანამშრომლობას რუსთავის მერიასთან იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ ყველა იმ მიმართულებით, რომელიც დაკავშირებულია ქალაქ რუსთავში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან. ეს იქნება ინერტული მასალებისგან მომდინარე დაბინძურების კონტროლი, საწარმოებიდან და ტრანსპორტიდან მომდინარე ჰაერის დაბინძურების პრევენცია თუ რეკრეაციული სამუშაოების განხორციელება, რაც რუსთავის მუნიციპალიტეტს აქვს დაგეგმილი“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტის, გარემოს ეროვნული სააგენტოს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.