გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) კანონმდებლობის დახვეწასთან დაკავშირებით იმსჯელეს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ვასილ გედევანიშვილი, გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ვიკა მეტრეველი.
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, რომელიც 2017 წელს მიიღო საქართველომ, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. შეხვედრაზე განვიხილეთ კოდექსით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების დინამიკა. ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზანი კოდექსის შემდგომ დახვეწაზე მსჯელობა იყო, რათა კოდექსის ამოქმედების შემდგომ გამოვლენილი ზოგიერთი საკითხი უფრო ეფექტურად დარეგულირდეს. ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის, ასევე იქიდან გამომდინარე, რომ კომიტეტი კლიმატის ცვლილების შესახებ ახალ კანონზე მუშაობს, შესაძლებელია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში გარკვეული ცვლილებების განხორციელება გახდეს საჭირო. შესაბამისად, დავსახეთ შემდგომი შეხვედრების გეგმა“, – განაცხადა შეხვედრის
დასრულების შემდეგ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.