გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი უძღვებოდა, მესამე – საბოლოო მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტი მიზნად ისახავს ჯავახეთის დაცული ტერიტორიების გაფართოებას. საკითხის გამოტანისას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, რომ მეორე მოსმენის შემდეგ კანონპროექტმა ცვლილებები არ განიცადა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ კანონპროექტით იქმნება ახალი დაცული ტერიტორიები და კანონპროექტის ამოქმედება გათვალისწინებულია 2021 წლის პირველი იანვრიდან.
აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების გაფართოების მიზნით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში იქმნება სამი ახალი აღკვეთილი: ფარავნის ტბის – 4 031 ჰა, საღამოს ტბის – 629 ჰა და აბულის ტბის – 211 ჰა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ევროკავშირის მხრიდან გვაქვს მხარდამჭერი პროექტები, მათ შორის, დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშემწყობი და წინაპირობა, რომ ამ პროექტის ფარგლებში დამატებითი სახსრები მიგვეღო, იყო ის, რომ გარკვეულწილად გაგვეფართოებინა დაცული ტერიტორიები. მისივე თქმით, შესაბამისად, ამ კანონპროექტის მიღება იქნება სწორედ ის წინაპირობა, რომ 2020 წელს საქართველო ევროკავშირისგან დამატებით ფინანსურ დახმარებას მიიღებს, რომელიც ისევ და ისევ დაცულ ტერიტორიებს და ადგილზე მცხოვრები მოსახლეობისთვის სიკეთეების შექმნას მოხმარდება.
მინისტრის მოადგილემ დღევანდელ სხდომაზე მოსახლეობის საყურადღებოდ, კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ტრადიციული თევზჭერა, ის, რაც დასაშვებია ამ ტბებზე, არ შეიზღუდება და პირიქით, 2021 წლიდან ამოქმედდება ცალკე სახელმწიფო პროგრამაც თევზჭერისა და აქვაკულტურის განვითარების ფინანსური მხარდაჭერისა ადგილობრივი მოსახლეობისათვის.
საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის განაცხადებით, მარტში იგეგმება დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა.
„ეს იქნება მოსმენა დაცული ტერიტორიების ეკონომიკური სარგებლიანობის კუთხით გამოყენებასთან დაკავშირებით, ისინი ჩაგვაბარებენ ანგარიშს და გვეცოდინება რამდენად გამართლებულია ეს ჩვენი სტრატეგია და პოლიტიკა ამ მიმართულებითაც გარდა იმისა, რომ გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
კომიტეტმა ასევე განიხილა მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი დოკუმენტი გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის „კიოტოს ოქმის დოჰას ცვლილებასთან“ შეერთების თაობაზე.
ეს საკითხიც ნინო თანდილაშვილმა გამოიტანა. საქართველო გაეროს კლიმატის ჩარჩო კონვენციის კიოტოს ოქმს, რომელიც ეხება სათბური გაზების ემისიების შემცირებას, შეუერთდა 1999 წელს. დოჰას ცვლილება წარმოადგენს კიოტოს ოქმის მეორე სამოქმედო დოკუმენტს 2020 წლამდე და საქართველო მასთან შეერთებით, ადასტურებს სურვილს, რომ გააძლიეროს აქტიური საქმიანობა კლიმატის ცვლილების მიმართულებით.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, თავისი წვლილი კონტრიბუცია შეიტანოს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
დასასრულ, კომიტეტმა ორივე საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი.