გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა პროექტის წარდგენისას აღნიშნა, რომ ცვლილების აუცილებლობა გამოწვეულია საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის სფეროში და სამგზავრო ავტოსადგურებში არსებული რთული მდგომარეობით, რაც უარყოფითად აისახება მოსახლეობისა და ტურისტების მომსახურების დონეზე. მისივე თქმით, ასოცირების შესახებ შეთანხმების 24-ე დანართის შესაბამისად, ქვეყანამ აიღო ვალდებულება დაენერგა ავტოსატრანსპორტო ოპერატორის მიმართ შესასრულებელი პირობების შესახებ საერთო წესები.
“წარმოდგენილი ცვლილებები ხელს შეუწყობს ქვეყნის ავტოსატრანსპორტო სისტემის ევროპულ და მსოფლიო სატრანსპორტო სისტემაში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებასა და ტურიზმის განვითარებას, ავტოსატრანსპორტო პროცესის უსაფრთხოების ზრდას და ეკოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესებას, მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, სამგზავრო გადაყვანის სფეროში მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი და გამოცდილი კადრების დასაქმებას“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
წარმოდგენილი კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილებები შევა საქართველოს კიდევ ექვს კანონში. კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, მდგრადი განვითარების პროცესის ერთ-ერთი მიზანია მდგრადი ურბანული მობილობა.
„ეს არის ახალი ტერმინი, რომლის დანერგვასაც ჩვენ სატრანსპორტო სფეროში ეტაპობრივად ვცდილობთ, აქედან გამომდინარე, მეორე მოსმენამდე დეტალურად ვიმსჯელებთ წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტზე, რომ პრინციპულად განისაზღვროს თუ რა არის მდგრადი ურბანული მობილობა, რათა ჩვენ მომავალში გვქონდეს საშუალება სხვადასხვა კანონქვემდებარე აქტებით განვსაზღვროთ ეს მნიშვნელოვანი საკითხი“, – განაცხადა მაია ბითაძემ.