პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2022 წელს საქმიანობა შეაჯამა და 2023 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა. კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის, კლიმატის გაუმჯობესება. ასევე მუშაობა დაწყებულია „შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ“ კანონპროექტზე. ინერტული და სამშენებლო ნარჩენების მდგრადი მართვის მიმართულებით კომიტეტის თემატური მოკვლევის რეკომენდაციების საფუძველზე ნარჩენების მართვის კოდექსის და სივრცითი მოწყობის კანონმდებლობაში საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება დაიწყო. ასევე ცვლილებები განხორციელდა ნარჩენების მართვის 2022-2026 წლების სამოქმედო გეგმაში. შეიქმნა კანონმდებლობა წყლის რესურსების მართვის კუთხით. კომიტეტის მოთხოვნით შემუშავდა წყლის რესურსების მართვის რეფორმის საკომუნიკაციო დოკუმენტი. მაია ბითაძემ ისაუბრა კომიტეტის მიერ საზედამხედველო საქმიანობის მიმართულებით გაწეულ საქმიანობაზე, კომიტეტის მიერ ჩატარებულ თემატურ მოკვლევებსა და კომიტეტთან შექმნილ სამუშაო ჯგუფებთან ერთად გატარებულ ღონისძიებებზე. კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობაზე. მაია ბითაძემ 2023 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომელიც სტრატეგიულ პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს და მოიცავს გარემოს დაცვას და კონსერვაციას, მწვანე ეკონომიკას, გარემოსდაცვით მართვის მექანიზმებს, გარემოსდაცვით დემოკრატიას, ცირკულარულ ეკონომიკას, დაბალემისიიანი და კლიმატმედეგი ურბანული და სოფლის განვითარებას.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა გასული წლის საქმიანობა შეაჯამა და 2023 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა
07/02/2023