გარემოს დაცვა სულ უფრო მეტ და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს

05/06/2020

„გარემოს დაცვა სულ უფრო მეტ და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ყველა გამოწვევა, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას, თითოეულ ჩვენგანს ახსენებს, რომ ზრუნვა გარემოზე, ზრუნვა ჰაერზე, წყალზე, ზრუნვა ტყეზე, ნიადაგზე პრიორიტეტთა შორისაც კი პრიორიტეტი უნდა იყოს. წელს, გარემოს დაცვის საკითხებში მსოფლიო განსაკუთრებულ ყურადღებას ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე ამახვილებს, რადგან ბიომრავალფეროვნება უზრუნველყოფს ეკოსისტემების მდგრადობას, ის სასიცოცხლო როლს ასრულებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების წარმოქმნასა და განვითარებაში. ჩვენი ქვეყნის უნიკალურ სიმდიდრეზე, ჩვენს ბუნებაზე ზრუნვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პასუხისმგებლობაა. ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ჩვენ ევროპული სტანდარტების და გამოცდილების გაზიარებით შევიმუშავეთ და მივიღეთ არაერთი საკანონმდებლო აქტი. მივიღეთ ტყის ახალი კოდექსი, რომელიც ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის მართვა სრულიად ახალ ეტაპზე გადაჰყავს. 2019 წელს ავკრძალეთ პლასტიკის პარკების გამოყენება. აკრძალვა ძალიან დროული და საჭირო ნაბიჯი იყო. ამოქმედდა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემა, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ბუნების დაცვისთვის და ეკონომიკის ალტერნატიული საქმიანობების წახალისებისთვის. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ამოქმედება უზრუნველყოფს, რომ ბატარეები და აკუმულატორები, საბურავები, ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები, ზეთები, შესაფუთი ნარჩენები და ელექტრო და ელექტრონული ნარჩენები გარემოს აღარ დააბინძურებს. გავაძლიერეთ წყლის და ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სისტემა; შეიქმნა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი. ჩვენ მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში. აქ დასაქმებული ადამიანები, უმეტეს შემთხვევაში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ ჩვენ ტყეებს, ებრძვიან უკანონო ჭრებს. ჩვენ მნიშვნელოვანად გავაძლიერეთ საინსპექციო ნაწილი. გარემოს ყველაზე დიდ დამაბინძურებლებს, მსხვილ ინდუსტრიულ საწარმოებს გონივრულ ვადებში გამოსწორების გეგმები განესაზღვრათ. სუფთა გარემოს შენარჩუნება მნიშვნელოვნად დაკავშირებულია ცნობიერების ამაღლებასთან. სწორედ ამიტომ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საგანმანათლებლო პროგრამაში შევიტანეთ გარემოსდაცვითი საკითხები. ჩვენი ხვალინდელი დღე ჩვენი მომავალი თაობაა. მათ უნდა ჰქონდეთ უფრო მეტი ცოდნა ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებზე და ამ შესაძლებლობების სწორად გამოყენებაზე. ჩვენი მთავარი მიზანია, მდგრადი განვითარების პრინციპებით, გარემოს დაზიანების მინიმუმამდე შემცირებით შევძლოთ ეკონომიკის განვითარება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო იქნება, ერთი მხრივ ეკონომიკურად ძლიერი, ხოლო მეორე მხრივ, ეკოლოგიურად სუფთა, მიმზიდველი ქვეყანა“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0