გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახალი ტექნიკით აღიჭურვა

18/10/2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი ტექნიკისა და აღჭურვილობის პრეზენტაცია გაიმართა. დეპარტამენტის ტექნიკურ შემადგენლობას 65 პიკაპის ტიპის ახალი ავტომობილი და 2 ბაგი შეემეტა. აღნიშნული მანქანები რეგიონულ სამმართველოებს გადაეცემათ. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მუკნიაშვილი დაესწრნენ.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობები გაძლიერდა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ქვეყნის მასშტაბით, პატრულირების ეკიპაჟების რაოდენობა, ფაქტობრივად, გასამმაგდა. გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებს ყველა ის ტექნიკური საშუალება აქვთ, რაც მოვალეობის სათანადოდ შესასრულებლად სჭირდებათ“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

ახალი „ფორდ რეინჯერები“ აღჭურვილია რეგისტრატორებითა და „ჯიპიეს“ მოწყობილობებით, არის მაღალი გამავლობის, რაც რთულად მისასვლელ ადგილებში პატრულირების საშუალებას იძლევა. პრაქტიკულად მიუვალ ადგილებში პატრულირებისთვის კი, დეპარტამენტის თანამშრომლები ბაგებს გამოიყენებენ. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის ეკიპაჟების სრული აღჭურვილობაც, მათ შორის, სამხრე კამერები, დარტყმაგამძლე პადები, საველე პირობებში სამუშაო ლეპტოპები, ხელის კომპიუტერები – ე.წ. დივაისები და ღამის ხედვის ბინოკლები.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი მუკნიაშვილის განმარტებით, ადამიანური და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების შემდეგ, დეპარტამენტი ქვეყნის თითოეულ მუნიციპალიტეტშია წარმოდგენილი, რაც საშუალებას იძლევა, თითოეულ შეტყობინებაზე დროული და ეფექტიანი რეაგირება მოხდეს. ახალი ტექნიკის პრეზენტაციამდე, ლევან დავითაშვილი გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების იმ თანამშრომლებს შეხვდს, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამრღვევების მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის დროს, ფიზიკური დაზიანება მიიღეს.

„სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად, ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებზე თავდასხმებისა და ძალადობის ფაქტები ხდება. ყველა ასეთ ფაქტზე შესაბამისი სამსახურები რეაგირებენ. დამნაშავეები პასუხს აგებენ კანონის ფარგლებში. ჩვენს ქვეყანაში, კანონდამცველებზე, ადამიანებზე, რომლებიც თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ, ხელის აღმართვა ვერავინ უნდა შეძლოს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

2018 წლიდან დღემდე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სამართალდამრღვევებმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 13 თანამშრომელს მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაზარალებული თანამშრომლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0