გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში ძიუდოს ახალი დარბაზი აშენდა

20/10/2017

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში ძიუდოს ახალი დარბაზი აშენდა, რომელიც 19 ოქტომბერს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, საქართველოს IX მოწვევის პარლამეტის წევრმა და სპორტის დამსახურებულმა ოსტატმა შოთა ხაბარელმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ძიუდოში ავთანდილ ჭრიკიშვილმა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელმა – გოჩა ჯამარაულმა, საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
ცერემონიას ასევე დაესწრნენ ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი, ვეტერანი ფეხბურთელი ალექსანდრე ჩივაძე, ძიუდოისტები: ზურაბ ზვიადაური, ლაშა შავდათუაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი და სპორტის სხვა ოსტატები.
აღსანიშნავია, რომ ნორიოს ძიუდოს დარბაზს ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონის, ავთანდილ ჭრიკიშილის სახელი მიენიჭა.
სპორტის ოსტატმა შოთა ხაბარელმა და ავთანდილ ჭრიკიშვილმა სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოჩა ჯამარაულს მადლობა გადაუხადეს. მინისტრის – ტარიელ ხეჩიკაშვილის თქმით, ძიუდოს დარბაზი თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს, სადაც გაკეთებულია გათბობის სისტემა, წყალგაყვანილობა და ვენტილაცია. კომპლექსში შედის ტრენაჟორების ოთახი, სამასწავლებლო, იზოლირებული გასახდელები და საშხაპეები.
ღონისძიების დასასრულ, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა – ტარიელ ხეჩიკაშვილმა დარბაზში მყოფ მოზარდებს კიმონოები უსახსოვრა.
ძიუდოს სპორტული დარბაზი 300-მდე ახალგაზრდას მოემსახურება, რომლის ფართობი 370 კვ.მეტრია და 200-ზე მეტ მაყურებელს იტევს.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომლის ღირებულებამ 470 000 ლარი შეადგინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0