ოთარ შამუგია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სოფლის განვითარების რეგიონული ჯგუფის (SWG) გენერალურ მდივანს ბობან ილიჩს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სოფლის განვითარების რეგიონულ ჯგუფში საქართველოს დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ჯგუფის გენერალურ მდივანს აღნიშნული ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სოფლის განვითარების რეგიონულ ჯგუფში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანება. ევროკავშირის წევრობა ქართველი ხალხის ერთსულოვანი არჩევანია. ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, მაგრამ რჩება გამოწვევები, რაშიც პარტნიორი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ჯგუფის წევრობის პირობებში შევძლებთ გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის და გამოცდილების გაზიარებას, რაც დაგვეხმარება ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დროულ და ეფექტიან შესრულებაში. საკითხი, უაღრესად მნიშვნელოვანია და ამ პროცესში პირადად ვიქნები ჩართული“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.
„გილოცავთ, თქვენ მეგობრების ჯგუფს შემოუერთდით. ჩვენი მიზანია, ჯგუფის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო კომუნიკაციით და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას. მაქვს ნაყოფიერი თანამშრომლობის მოლოდინი“,- განაცხადა ბობან ილიჩმა.
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სოფლის განვითარების რეგიონული ჯგუფი წარმოადგენს საერთაშორისო მთავრობათაშორის ორგანიზაციას, რომელიც 2005 წლიდან, დაინტერესებულ მხარეებთან მუდმივი თანამშრომლობით ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი პრინციპების განვითარებას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.