განსაკუთრებით თბილი გრძნობა მაკავშირებს ბოლნისთან

03/09/2016

„განსაკუთრებით თბილი გრძნობა მაკავშირებს ბოლნისთან, რადგან აქ გავატარე ბავშვობის წლები“,- ამ სიტყვებით დაიწყო პედაგოგებთან შეხვედრა დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ. ბოლნისის კულტურის სახლში ბოლნისის, დმანისისა და მარნეულის 400-მდე პედაგოგი მინისტრთან შესახვედრად მოვიდა.
ალექსანდრე ჯეჯელავამ ვცლად ისაუბრა განათლების სისტემაში მოსალოდნელ სიახლეებზე, სკოლის კიდევ უფრო განვითარების, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისა თუ, მასწავლებლის და მოსწავლის მოტივაციის ამაღლების მიზნით დაგეგმილ პროექტებზე. მინისტრი ზოგადი განათლების საკითხის გაუმჯობესებასაც შეეხო და ყურადღება ახალი ინოვაციების დანერგვაზე გაამახვილა. მინისტრმა ისაუბრა ეროვნული სასწავლო გეგმისა და პედაგოგთა სქემის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე, რომელიც თითოეულ მოსწავლეზე იქნება მორგებული. ალექსანდრე ჯეჯელავამ, მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით, სასწავლო პროცესის მოქნილობაზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა პედაგოგთა ღვაწლის და შრომის დაფასების გაზრდას. მინისტრი პედაგოგებს განათლების სფეროში არსებული პრობლემების ეტაპობრივ მოგვარებას დაჰპირდა.
შეხვედრა ინტერაქტიული გახლდათ. ვრცელი საუბრის შემდეგ, მან პედაგოგების შეკითხვებსაც უპასუხა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა პედაგოგებს წლების მანძილზე გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა, ალექსანდრე ჯეჯელავას სიტყვა ტაშით პედაგოგებმა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს, შეხვედრას, რომელიც სამ საათს გაგრძელდა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავიტ შერაზადიშვილი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სალია ესწრებოდნენ.
,,ეს არის ჩემი სამსახურის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ნაწილი. უკვე რამდენიმე ათას პედაგოგს შევხვდი. ყოველჯერზე ვრწმუნდები, რომ პედაგოგები არიან ძალიან მოტივირებული, ნიჭიერი და გულიანი ხალხი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხალხს შეუძლია ჩვენი მომავალი თაობები, როგორც აქამდე, აღზარდონ ღირსეულად.დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ცვლილებებს, განათლების სისტემის განვითარება, პროფესიული განვითარების სქემას, ანაზღაურებას. მოგეხსენებათ, ჩვენს სკოლებში ძალიან ბევრი პრობლემაა და ჩვენ ეტაპობრივად, მასწავლებლებთან ერთად, ამ პრობლემებს ნელ-ნელა მოვაგვარებთ.დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილი ვარ, მით უფრო, რომ ბოლნისი ჩემი სამშობლოა”,- განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0