განსაკუთრებით გამიხარდება, თუ მუზეუმებში ყველაზე ხშირად მომავალი თაობა ივლის, რათა იცოდნენ, საიდან მოვდივართ და როგორი ქართველები აშენებდნენ ჩვენს ქვეყანას

24/09/2021

თბილისის მუზეუმების გაერთიანების კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი – ილია ჭავჭავაძის რეაბილიტირებული ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმი დამთვალიერებელს ჯავახიშვილის N7-ში ხვალიდან უმასპინძლებს. მუზეუმის გახსნის ღონისძიებას მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაესწრო დედაქალაქის მერი კახა კალაძე, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. კახა კალაძემ შესრულებული მასშტაბური სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა თბილისის განვითარების ფონდს, ასევე, ხაზი გაუსვა თბილისის მუზეუმების გაერთიანების თანამშრომელთა დამსახურებას თითოეული სამუზეუმო ექსპონატის გადარჩენისა და ზრუნვის საქმეში.

„ამ კედლებში უდიდესმა პოლიტიკურმა და საზოგადო მოღვაწემ, მწერალმა, პოეტმა და პუბლიცისტმა ილია ჭავჭავაძემ თავისი სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. აქ იმართებოდა ცნობილი „ხუთშაბათობები“, აქ იბადებოდა და იწერებოდა ილიას ნააზრევი, რაც დღეს ჩვენი ეროვნული საგანძურია. აქ იყო გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა.

„აწმყოს, რომელსაც წარსული არ აქვს, არც მომავალი აქვს“ – ეს სიტყვები ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის და სწორედ ეს არის ჩვენი მიზანიც, რომ თბილისის წარსული, საქართველოს საუკეთესო მამულიშვილების წარსული, რომელსაც სწორედ ეს შენობები ინახავენ, არ დაიკარგოს და არ გაცამტვერდეს. ამიტომ, ჩვენი დამოკიდებულება ძველი თბილისის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებულია და იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, რომლებიც მრავლადაა ქალაქში, მომდევნო წლების განმავლობაში აუცილებლად ჩავუტარებთ რეაბილიტაციას და გალამაზებულს გადავცემთ მომავალ თაობას. ის, რასაც დღეს თქვენ აქ ხედავთ, გულანთებული ადამიანების სამწლიანი შრომის შედეგია. შრომის, რომლის მიზანი არა მადლობა ან პატივია, არამედ საქართველოსთვის, თბილისისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის წარსულის, ჩვენი დიდი წინაპრების ისტორიის შემონახვაა.
თქვენ იცით, რომ თბილისის მერია ყველაფერს აკეთებს თბილისის განვითარების ფონდთან და ათეულობით მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთან ერთად, რომლებიც თავდადებით მუშაობენ როგორც მუზეუმების, ასევე, სხვა ისტორიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია-რესტავრაციაზე. მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელს ლევან ჯღარკავას და მის თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისთვის. ასევე, მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო თბილისის მუზეუმების გაერთიანების, თითოეული მუზეუმის, მათ შორის, ამ მუზეუმის თანამშრომლების როლი. ადამიანების, რომლებმაც იტვირთეს უაღრესად მნიშვნელოვანი საქმე და რუდუნებით, სიყვარულით უვლიან და უფრთხილდებიან არამარტო თითოეულ ექსპონატს, არამედ ყველაფერს, რასაც ჩვენი დიდი წარსულის კვალი ატყვია. მადლობა თითოეულ მათგანს ამ საქმიანობისთვის. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ელოდა, როდის დასრულდებოდა ამ მუზეუმის რეაბილიტაცია და ეჭვი არ მეპარება, რომ დამთვალიერებელი არ მოაკლდება ამ მუზეუმს. განსაკუთრებით გამიხარდება, თუ აქ და საერთოდ, მუზეუმებში ყველაზე ხშირად მომავალი თაობა ივლის, რათა იცოდნენ, საიდან მოვდივართ, როგორი ქართველები აშენებდნენ ჩვენს ქვეყანას და ჰქონდეთ რწმენა იმისა, რომ ამ ქვეყანას აქვს მყარი საძირკველი მომავალი განვითარებისა და წინსვლისთვის. მინდა, კვლავ ილიას ნათქვამი მოვიშველიო, რომლიც ამბობდა, რომ „ხვალე არ უნდა ჰგავდეს დღევანდელს, თუ კაცს ადამიანის პროგრესი, წინსვლა ფუჭ სიტყვად არ მიაჩნია“. მე მჯერა ამის და მინდა, სწორედ ამის სჯეროდეს ჩვენს მომავალ თაობასაც, რომ თბილისის და საქართველოს ხვალინდელი დღე აუცილებლად იქნება უფრო ნათელი, უფრო მზიანი და ბედნიერი. ჩვენ ამისთვის ერთად ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდის პროექტ „ახალი ტფილისის“ მუზეუმების განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში 2017 წელს დაიწყო. სამი წლის განმავლობაში ჩატარდა მასშტაბური სამუშაოები. მათ შორის: ისტორიული შენობის კონსტრუქციული გამაგრება, ფასადის დეკორატიული დეტალების რესტავრაცია, შენობის ავთენტური ინტერიერის აღდგენა, შიდა ეზოს კეთილმოწყობა, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელის გამართვა, თანამედროვე საგამოფენო სივრცეების მოწყობა და მემორიალური დარბაზების რესტავრირება.
საგამოფენო და მემორიალური სივრცეები სამუზეუმო საფონდო მასალებითა და ეპოქალური ნივთებით მოეწყო ეპოქის გათვალისწინებით და ეპისტოლარული მემკვიდრეობით გადმოცემული აღწერილობით. რესტავრირებულია ილია ჭავჭავაძის მემორიალური სასადილო, საძინებელი და სამუშაო ოთახები, სადაც აღდგენილია ავთენტური კედლები და ჭერი. მუზეუმში, გარდა მემორიალური და საგამოფენო სივრცეებისა, მოწყობილია სამკითხველო. ასევე, საგანმანათლებლო, სამუშაო და საბიბლიოთეკო სივრცეები. მუზეუმი სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან – ოლღა გურამიშვილთან ერთად თბილისში, ჯავახიშვილის N7-ში თავისი დის, ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილის სახლში 1888-1901 წწ. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0