„განვლილმა ექვსმა თვემ გვაჩვენა, თუ რამდენად სწორი იყო პარლამენტის გადაწყვეტილება, როდესაც გადაწყდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ცალკე ინსტიტუტად ჩამოყალიბება – ამ ექვს თვეში ვნახეთ, რომ ამ სამსახურმა, ერთი მხრივ, შეძლო როგორც საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება, ასევე, საკუთარი რეპუტაციის წარმოჩენაც საერთაშორისო მასშტაბით“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 6 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საზოგადოებრივი, არამედ პოლიტიკური ცნობიერების ამაღლებაც. ამ კონტექსტში, პარლამენტის თავმჯდომარემ სამსახურის სამეცნიერო ჟურნალის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„მიხარია, რომ სამსახური აკადემიურადაც უდგება ამ საკითხს და სამეცნიერო ჟურნალი, რომელიც შეიქმნა სამსახურის ფარგლებში, სწორედ ამაზე მეტყველებს. როდესაც ვსაუბრობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე, სხვა საკითხებთან არის ხოლმე გადაჯაჭვული და სინამდვილეში არის რთული და კომპლექსური საკითხი, რომელიც საჭიროებს არა მხოლოდ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, არამედ, პოლიტიკური ცნობიერების ამაღლებასაც, ვინაიდან ტექნოლოგიის განვითარების შემთხვევაში, როდესაც არის ბევრი ინფორმაცია, რომელსაც მოქალაქეები ნებაყოფლობითაც აზიარებენ და შემდეგ შეიძლება ამან დააზიანოს მათი პერსონალური ინტერესები. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობა, გააზრება იმის, თუ სად არის ზღვარი ერთი მხრივ გამჭვირვალობის თუ სხვადასხვა სამსახურის შიდა საჭიროებებისა და მეორეს მხრივ, იმ პერსონალური სფეროსი, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ დარჩეს გარკვეული შეზღუდვების შიგნით. სავარაუდოდ, ამ ჟურნალის შექმნის იდეაც ეს იყო, რომ აკადემიური, ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობის შესაძლებლობა იყოს და ამის საფუძველზე მოხდეს შემდეგ გადაწყვეტილების მიღება, მათ შორის, შესაძლოა, საკანონმდებლო იდეებიც იყოს ახალი, რომელიც ამ საკითხებს მოაწესრიგებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, რეფორმის განხორციელებისას, გარკვეული სკეპტიციზმი იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ცალკე ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, თუმცა, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, საბოლოო შედეგი აჩვენებს, რომ გადაწყვეტილება სწორი იყო.
„გვქონდა კომუნიკაცია სამსახურის უფროსთან, რომ ის თანამშრომლები, რომლებიც მანამდე არსებულ სამსახურში იყვნენ, ყველა, უკლებლივ გადმოვიდა ამ სამსახურში. საუბარია იმაზე, რომ საჭიროება არის კიდეც, რომ გაიზარდოს პერსონალის შემადგენლობა. მიხარია, რომ რეგიონული დაფარვა იზრდება და ეს ნამდვილად არის საკითხი, რომელიც უნდა გაძლიერდეს, ვინაიდან, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ზედამხედველობის, არამედ კონსულტაციის კუთხითაც, რომ ადგილზე ჰქონდეს წვდომა სხვადასხვა უწყებებს იმ სერვისზე, რომელსაც ამ მხრივ სამსახური სთავაზობს და საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია მხარდაჭერა სხვადასხვა უწყებების მხრიდან, პარლამენტი ამ მხრივ, თქვენი სამსახურის გვერდში დგას ყველანაირად და გვიხარია თქვენი წარმატება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ინსტიტუციის მოკლე პერიოდში განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სამსახურის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა.