“იმერეთში მოვინახულეთ “განახლებული რეგიონების” და “საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების” პროგრამების ფარგლებში განხორციელებული პროექტები. პირველი ფაზის სამუშაოები ყველგან დასრულებულია. გრძელდება მეორე ფაზით განსაზღვრული სამუშაოები, რომელიც, ძირითადად, მოიცავს რეკრეაციული სივრცეების დამატებას და ახალი მიზიდულობის ცენტრების განვითარებას. ეს პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე, ყველა დაინტერესები კერძო პირისთვის, ახალი შესაძლებლობების და საინტერესო პერსპექტივების გაჩენის კუთხით,“-განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ იმერეთში დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ.
პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სახელწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქუთაისში დასრულდა ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 15 შენობის რეაბილიტაცია. ამჟამად, მიმდინარეობს ცენტრალური პარკის და მისი მიმდებარე შენობების განახლების სამუშაოები. ხონში, ჭანტურიასა და მოსე ხონელის ქუჩებზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, განახლდა 13 შენობა, 1 პარკი და ცენტრალური მოედანი. ვანში კი, დასრულდა თავისუფლებისა და თამარ მეფის ქუჩებზე მდებარე, ჯამში, 35 შენობის რეაბილიტაცია, 3 სკვერის, მოსახლეობის სახლებში შესასვლელი ღობეების განახლების და განათების მოწყობის სამუშაოები. ასევე, მოწესრიგდა ცენტრალური მოედანი, ბაზრის ტერიტორია და მიმდებარე კომერციული ფართები. სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა. ევროკავშირის „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ დაფინანსებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხონის ბულვარს და გივი ყიფიანის სახელობის ტყე-პარკს. ვანში კი, დასრულდა თავისუფლების ქუჩაზე მდებარე სკვერისა და მიმდებარე სოციალური დანიშნულების შენობის რეაბილიტაცია. პროექტების ჯამურმა ღირებულებამ 4.2 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. პროექტები მუნიციპალიტეტებმა განახორციელეს. იმერეთში დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ირაკლი ქარსელაძემ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და ქუთაისის მერთან, იოსებ ხახალეიშვილთან ერთად დაათვალიერა.