განახლებული რეგიონები“ ძალიან მასშტაბური პროგრამაა, რომელიც ახალ სიცოცხლეს შესძენს თითოეულ მუნიციპალიტეტს

26/04/2021

„განახლებული რეგიონები“ ძალიან მასშტაბური პროგრამაა, რომელიც ახალ სიცოცხლეს შესძენს თითოეულ მუნიციპალიტეტს. ეს არის დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების პროგრამა, რაც ნიშნავს, რომ მოხდება მუნიციპალიტეტების ისტორიული ცენტრების სრული განახლება, გაჩნდება ახალი მიზიდულობის წერტილები ჩვენი ტურიზმისთვის – განაცხადა ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი ახალი ინიციატივის შესახებ.

რეგიონების განახლების პროექტი 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას გულისხმობს, პროგრამით განსაზღვრული სამუშაოებისკენ მიმართული 500 მლნ ლარი 4 წელზე გადანაწილდება. ნათია თურნავას პროგნოზით, ახალი პროგრამა რეგიონებში კერძო ბიზნესის სექტორის გააქტიურებასაც გამოიწვევს. ამასთან, თითოეული მუნიციპალიტეტისთვის სხვადასხვა აქტივობების და პროექტების პაკეტები იქნება შეთავაზებული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, მისი უწყების ყველა დანარჩენი პროგრამა, იქნება ეს „აწარმოე საქართველოში,“ პრივატიზაცია, სოფლის მეურნეობის პროგრამები, ინტერნეტიზაციის თუ რომელიმე სხვა პროგრამა, ასევე გადაეწყობა რეგიონალურ ჭრილში და კონკრეტული აქტივობების, პროექტების და პროგრამების პაკეტები იქნება შეთავაზებული თითოეული მუნიციპალიტეტისთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანია ეს ახალი ინიციატივა, თქვენ ძალიან მალე ნახავთ, როგორ გაცოცხლდება სამშენებლო სამუშაოები, კერძო ბიზნესის აქტივობები, რაც ყოველთვის მოყვება სახელმწიფო პროგრამებს. სახელმწიფოს მხრიდან ერთი ლარის ხარჯვა მინიმუმ ათი კერძო ლარის დანახარჯს და ინვესტიციას გამოიწვევს და ეს არის ჩვენი რეგიონების აღორძინების ძალიან მნიშვნელოვანი ახალი მორიგი ტალღა. ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდა სწორედ რეგიონების განვითარებაზე – ინფრასტრუქტურის სამინისტროს ყველა პროექტი, ჩვენი სამინისტრო გაზიფიკაციის პროექტი, ინტერნეტიზაციის პროექტები სწორედ რეგიონალურ ჭრილში იყო გაშლილი და ახლა ამას ასეთი მასშტაბური პროგრამა დაემატება“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0