საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სექტორული შეხვედრების პარალელურად რეგიონებში შეხვედრებს იწყებს.
მთავრობის მეთაურმა პირველი შეხვედრა შიდა ქართლის რეგიონიდან დაიწყო, სადაც გიორგი გახარია გორში, პედაგოგებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა პედაგოგებთან შეხვედრისას განათლების რეფორმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განათლების სისტემური რეფორმა ერთ ან ორ წელიწადში ხელშესახებ შედეგს არ მოიტანს, თუმცა მთავრობის მეთაურის განცხადებით, ყველა უნდა გრძნობდეს და ხედავდეს ყოველდღიურ პროგრესს. გიორგი გახარიას განცხადებით, არ არის შემთხვევითი, რომ მან რეგიონებში გასვლა შიდა ქართლით, სწორედ პედაგოგებთან შეხვედრით დაიწყო.
„არ არის შემთხვევითი ის, რომ რეგიონებში გასვლას ვიწყებთ შიდა ქართლით, გორით და რა თქმა უნდა არ არის შემთხვევითი, რომ გორში პირველ შეხვედრას ვიწყებთ პედაგოგებთან და ზოგადად, საგანმანათლებლო სექტორთან. ამას თავისი ახსნა აქვს. მე სასიამოვნოდ გაკვირვებული ვიყავი, როდესაც ვნახე, როგორი წარმატებული მონაცემები გაქვთ გორში, განსაკუთრებით საშუალო განათლების ნაწილში, რამდენი მედალოსანი და წარმატებული ახალგაზრდა გყავთ. პირველ რიგში, ეს თქვენი დამსახურებაა,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, განათლება არის ქვეყნის სისტემური პრობლემა, რომლის გადასაწყვეტადაც დაიწყო განათლების სისტემის რეფორმა. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული რეფორმა გაგრძელდება და ბოლომდე იქნება მიყვანილი.
„ძალიან კარგად გვესმის, რომ განათლება არის ჩვენი სისტემური პრობლემა, რომლის გადასაწყვეტადაც იყო დაწყებული განათლების სისტემური რეფორმა. მე არ მინდა ზედმეტი სიტყვები ვთქვა იმაზე, რომ ჩვენ ამ რეფორმას გავაგრძელებთ და მივიყვანთ ბოლომდე – რა თქმა უნდა ეს ასე იქნება. ისიც ძალიან კარგად გვესმის, რომ განათლების სისტემური რეფორმა არ არის ის რეფორმა, რომელიც ერთ ან ორ წელიწადში ხელშესახებ შედეგს მოგვცემს, თუმცა ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ და ვხედავდეთ ყოველდღიურ პროგრესს. ყოველდღიურ პროგრესს როგორც ჩვენი პედაგოგების, სოციალური პირობების, მათი კომპეტენციის, მათი გარემოს გაუმჯობესების, ასევე ჩვენი მოსწავლეებისა და სტუდენტების მაღალი მიღწევების თვალსაზრისით. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ის ჩავარდნა, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ფუნდამენტური მეცნიერების განვითარებაში ჩვენ გვაქვს, არის გადასალახი. ამისთვის არის მიმართული ყველა ის ქმედება, რასაც მთავრობა განახორციელებს. აქაც მთავრობა თავის პასუხისმგებლობას სრულად იაზრებს,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ახალგაზრდა თაობა უნდა ეყრდნობოდეს ტრადიციებს, მაგრამ მიმართული უნდა იყოს თანამედროვე სამყაროს ყველაზე წარმატებული და თვალსაჩინო ფასეულობებისკენ.
„ჩვენი ახალგაზრდა თაობა რა თქმა უნდა, უნდა ეყრდნობოდეს ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს ხშირად კონსერვატიულ ფასეულობებს, მაგრამ მიმართული უნდა იყოს თანამედროვე სამყაროს ყველაზე წარმატებული და თვალსაჩინო, სასურველი და საჭირო ფასეულობებისკენ. აღნიშნულ საკითხში განათლების და პედაგოგის შინაარსობრივი ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ დაცული იყოს ბალანსი ტრადიციებსა და თანამედროვე ღირებულებებს შორის. ამასთან ერთად, ის გამოწვევები, რომელსაც გლობალური კონკურენცია უსახავს ჩვენს ახალგაზრდას, თუნდაც მაღალი სპეციალიზაციის ნაწილში, თუნდაც ძალიან სპეციფიური ცოდნების ნაწილში, რა თქმა, უნდა, აქაც თქვენი ფუნქცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ყველაფერს ამას რომ გავცდეთ, ჩვენი სოციალურად აქტიური საზოგადოების ნაწილი ხართ თქვენ,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის სახელმწიფო სერვისები, ფუნქციები, რომელსაც ატარებენ პედაგოგები, მედიკოსები და პოლიციელები. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს არის ის სახელმწიფო სერვისების ინფრასტრუქტურა, რომელიც თითოეულ მოქალაქეს აძლევს საშუალებას, მშვიდ გარემოში მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია.
„ბოლო პერიოდში ძალიან გვაკრიტიკებენ ბიუჯეტის შედგენის გამო, სადაც ძალიან მკაფიოდ განვსაზღვრეთ რამდენიმე ფუნდამენტური პრიორიტეტი. ეს პრიორიტეტი არის პირველ რიგში ბავშვები, ახალგაზრდა თაობა, ასევე ჩვენი პენსიონერები, რომლებიც ძალიან ღვაწლმოსილი ადამიანები არიან. სახელმწიფო აპარატი, რომელიც ამ სოციალურ ჯგუფებს ემსახურება, რა თქმა უნდა პირველ რიგში ეს არიან მასწავლებლები, შემდეგ ჩვენი მედიკოსები და რა თქმა უნდა ყველაფერს ამას კრავს პოლიცია,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, პედაგოგების, მედიკოსების, პოლიციელების საქმიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გორში, საოკუპაციო ხაზთან.
„რა თქმა უნდა ჩვენ კიდევ ბევრი სხვა მსხვილი სოციალური ჯგუფები გვყავს, რომელიც მისახედია. უაღრესად დასაფასებელია სახელმწიფო მოხელეების სხვადასხვა სფეროებსა და სხვადასხვა დარგებში ფუნქციონირება და მათი ღვაწლი. უაღრესად მნიშვნელოვანია ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში მომუშავე ადამიანების, მათ შორის ბიზნესში, სადაც სამუშაო ადგილებს ქმნიან, თუმცა ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ფასეულობების დონეზე, იმას რასაც აკეთებენ პედაგოგები, მედიკოსები, პოლიციელები, განსაკუთრებით გორში, მაშინ, როდესაც საოკუპაციო ხაზთან ვდგავართ, ამას აქვს კრიტიკული მნიშვნელობა. ამიტომ, ვიწყებთ გორით და ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, ერთმანეთის არ უნდა მოგვერიდოს. არ ვარ მე ის ადამიანი, რომ მწვავე კრიტიკის ან შეკითხვის ან მოგვერიდოს, ან გაგვაბრაზოს, ან შეგვაშინოს. ამ ურთიერთობის ფასი არის სწორედ იმაში, რომ აბსოლუტურად ღიად, გულწრფელად ვთქვათ ის, რაც გვაწუხებს. შეიძლება ჩვენს სფეროს ცდებოდეს კიდევაც. არ აქვს ამას არანაირი მნიშვნელობა,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, რეგიონებში ყველა გასვლა დაიწყება პედაგოგებით, გაგრძელდება მედიკოსებით, შემდეგ პოლიციით, ადგილობრივი ხელისუფლებით და სხვადასხვა ჯგუფებით.
„ამას არ აქვს მიზანი გარდა იმისა, რომ უკეთესად და პირდაპირ თქვენგან შევიგრძნოთ რა ხდება რეგიონში. როგორ მუშაობენ ბატონები, რა სპეციფიური პრობლემები არის ამ დარგში, ამ რეგიონში. ხშირ შემთხვევაში, მარტივი გადასაწყვეტი პრობლემებისგან ვქმნით დიდ საფრთხეს, რომელიც შეიძლება ერთი სატელეფონო საუბრით, სწრაფად გადაწყდეს. არ გვაქვს ჩვენ ბევრი დრო. სამწუხაროდ, ან საბედნიეროდ, დღეს ვართ ჩვენ იმ ეტაპზე, როდესაც დრო და ეფექტურობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ხარისხი უკვე მეორე ადგილზეა. იმედი მაქვს რომ შევძლებ პასუხების გაცემას თქვენს მწვავე კითხვებზე და დაგანახოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყველანაირი ზედმეტი პირფერობის გარეშე თითოეული ადამიანის ღირსების, მისთვის კომფორტული, მშვიდი პირობების შექმნა და ის, რომ ყოველდღიურად იზრუნოს პირველ რიგში თავის ოჯახზე, შემდგომ ქვეყანაზე, პროფესიაზე და ასე შემდეგ,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.