განათლების მინისტრი კასპში პედაგოგებს შეხვდა

14/08/2017

საქარათველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა შიდა ქართლის გუბერნატორთან, კახა სამხარაძესთან და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, გოჩა გოჩიტაშვილთან ერთად კასპის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. მინისტრი სოფელ ოკამის საჯარო სკოლას ეწვია, რომელსაც „მილენიუმი“-ს (ათასწლეულის გამოწვევა საქართველოში) პროგრამის ფარგლებში გასულ წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ასევე, მოინახულა ქალაქში მშენებარე №1 საჯარო სკოლის მიმდინარე სამუშაოები. მოგვიანებით ხელისუფლების წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდნენ.
ალექსანდრე ჯეჯელავამ პედაგოგებს გააცნო ზოგად და პროფესიულ განათლებაში მიმდინარე ახალი პროექტები. ვრცლად ისაუბრა სკოლების რეაბილიტაციასა და მათი ახალი ტექნოლოგიებით აშენებაზე, უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის დისტანციურად ქართული ენის სწავლებასა და აღნიშნულ პროცესში ჩართული ქვეყნების ქსელის გაფართოების შესახებ, სკოლების ინფრასტრუქტურაზე, სასკოლო სახელმძღვანელოებზე და სკოლაში პედაგოგის როლზე.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პროფესიული განათლების კუთხით გათვალისწინებულ გეგმებზე და კოლეჯების მშენებლობაზე. მისი თქმით, ცხრაკლასდამთავრებული მოსწავლე, რომელიც პროფესიულ სასწავლებელში გადაწყვეტს სწავლას, პროფესიის დაუფლებასთან ერთად სკოლის ატესტატის აღებასაც შეძლებს, რაც შემდგომში საშუალებას მისცემს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში განაგრძოს.
ჯეჯელავამ პედაგოგების შეკითხვებს უპასუხა და შეხვედრის ბოლოს მადლობა გადაუხადა მათ გაწეული საქმიანობისთის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0