განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობის და სამთავრობო პროგრამის 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განიხილეს. განხილვის დაწყებამდე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს კონსტიტუციის 100 წლის იუბილე მიულოცა კომიტეტებს.
„ეს არის მნიშვნელოვანი გზამკვლევი, პოლიტიკური დაძაბულობის პერიოდშიც, რომლის გარეშე არც პირველი კონსტიტუციის მიღების მომენტი ყოფილა და ეს დაძაბულობა, სამწუხაროდ, არ არის მოხსნილი დღესაც. დაძაბულობა ისევ მეორდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანა გაართმევს თავს ამ გამოწვევებს და ჩვენ შევძლებთ, არ ავცდეთ გზას ფუნდამენტური სამართლებრივი სახელმწიფოსი, სადაც კანონის უზენაესობა არის დაცული და სადაც კონსტიტუციურ წესრიგს არ ცვლის ქუჩის მოჩვენებითი დემოკრატია“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ.
სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ ჩხენკელს მოუსმინეს. მინისტრობის კანდიდატმა დეპუტატებს სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები და სამომავლო გეგმები გააცნო.
„განათლება და მეცნიერება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. ეს კი უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს და, ამავე დროს, საშუალებას გვაძლევს მეტად გავაქტიურდეთ, ვიმუშაოთ სიახლეებზე და გავაუმჯობესოთ უკვე მიღწეული შედეგები. სამინისტროში მიმდინარე განათლების რეფორმა არის ყოვლისმომცველი და განათლების სისტემის ყველა საფეხურს ეხება. მთელი მსოფლიოსთვის 2020 წელი გამოწვევებით იყო აღსავსე. პანდემიის მიუხედავად, ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველყოფა. ჩვენს გუნდს კარგად აქვს გააზრებული ბავშვის აღზრდისა და განათლების მნიშვნელობა. ამ მიმართულებით შემუშავებულია და ინერგება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათების სახელმწიფო სტანდარტები“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მისი თქმით, ბავშვის უფლებათა კოდექსის იმპლემენტაციის მიზნით, დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები.
„აღმზრდელებისა და აღსაზრდელების უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად შეიქმნა პანდემიის შემდგომ საბავშვო ბაღების გახსნისა და ოპერირების დოკუმენტი. სკოლამდელ დაწესებულებებში ვმუშაობთ ბილინგვური განათლების დასანერგად. 2021 წელს უნივერსიტეტები დაიწყებენ აღმზრდელი პედაგოგის საბაკალავრო პროგრამის განხორციელებას“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მან ასევე ისაუბრა სკოლებში საკლასო ოთახებში სწავლის აღდგენასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, სკოლებში ზედმიწევნითაა დაცული სანიტარული ნორმები და სამინისტროს რეკომენდაციები.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მეხუთედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლის ტერიტორიაზე აუცილებელია პირბადეების ტარება. რაც შეეხება სავალდებულო ტესტირებას, იგი სისტემატურად, 2 კვირაში ერთხელ, საჯარო და კერძო სკოლებში მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 20%-ს უტარდება, ამ პროცესს სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს. მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის არსებობს დამატებითი შესაძლებლობაც. წინა სემესტრის მსგავსად, მოსწავლეებსა და მშობლებს შესაძლებლობა აქვთ, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. ხაზგასასმელია, რომ მასწავლებელთა მიერ დისტანციურ ფორმატში ჩატარებულ დამატებით საათებს სრულად ვუნაზღაურებთ. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკ ჯგუფებში მყოფ მასწავლებლებს მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმაზე მუშაობის გაგრძელების შესახებ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მისი თქმით, ვირუსის დადასტურების შემთხვევაში, გრძელდება მიდგომა სკოლებში წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ.
„ასეთ დროს სკოლა მიმართავს ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, კონკრეტული კლასი გადავიდეს დისტანციურ რეჟიმში, სართული თუ მთლიანად სკოლა“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. მისი თქმით, სამინისტრომ გასულ წელს წარმატებით დანერგა დისტანციური სწავლება.
მისივე ინფორმაციით, Covid-19-ის პრევენციისა და განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, დისტანციური სწავლების დანერგვის მიმართულებით სამინისტროს მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მოწონება დაიმსახურა. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესის გამართვის მიზნით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები და სამინისტრომ სკოლებს დისტანციური სწავლების სხვადასხვა პლატფორმა შესთავაზა, მათ შორის, Microsoft Teams და Feedc Edu. ასევე, Teams-ში ინტეგრირდა პლატფორმა el.ge, ქართულ ენაზე ითარგმნა Microsoft-ის საგანმანათლებლო პორტალი და დაინერგა ელექტრონული ჟურნალი, რომლის სისტემური განვითარება აქტიურად მიმდინარეობს. მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა სამინისტროსა და პირველი არხის თანამშრომლობით შექმნილ პროექტ „ტელესკოლაზე“, რომელიც 2020 წლის 30 მარტიდან ხორციელდება და ყველა საფეხურის მოსწავლისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული გაკვეთილების ჩატარებას გულისხმობს. ამასთან, ტელეგაკვეთილები ადაპტირებულია ჟესტურ ენაზე და საგნები ისწავლება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც. მინისტრობის კანდიდატმა ზოგადი განათლების სისტემის განვითარების კუთხით, სკოლების დეცენტრალიზაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროს პოლიტიკა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაძლიერებასა და მათთვის მეტი ავტონომიის მინიჭებას გულისხმობს. ამასთან, მიმდინარეობს ახალი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი, რაც სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებასა და მოსწავლეებში კრიტიკული, კომპლექსური აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს. მიხეილ ჩხენკელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სკოლები სრულად აღიჭურვოს თანამედროვე ტექნოლოგიებით, რათა ახალგაზრდებმა XXI საუკუნის შესაბამისი განათლების მიღება შეძლონ. რაც შეეხება სკოლებში უსაფრთხო და ძალადობისგან თავისუფალი სასწავლო გარემოს შექმნას, მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, 2021 წლიდან მანდატურები დამატებით 19 საჯარო სკოლაში შევიდნენ და უზრუნველყოფენ მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვას. ამასთან, მანდატურის სამსახური, ქვეყნის მასშტაბით, იწყებს სასკოლო მედიაციის მექანიზმის დანერგვასა და სოციალური მუშაკების დამატებას. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი, პანდემიის პირობებში, უზრუნველყოფდა მოსწავლეებისთვის მომსახურების მიწოდებას როგორც დისტანციურ, ასევე, დასწრებით რეჟიმში და ფსიქოლოგიური დახმარების 24-საათიანი ცხელი ხაზი კვლავ უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას. მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროს ინიციატივით, დამტკიცდა „სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის ფარგლებში ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოვლინდა სკოლის მიღმა დარჩენილ ბავშვთა მონაცემები, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ამ ბავშვების საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფის კუთხით. მინისტრობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ დიასპორის წარმომადგენლებისათვის ხელმისაწვდომი იქნება ქართული ენის დისტანციური სწავლების კურსი, ხოლო ინკლუზიური განათლების პოპულარიზაციისა და ამ კუთხით ცნობიერების ამაღლების მიზნით კი, არაერთი ღონისძიების განხორციელება იგეგმება. ამასთან, უკვე შემუშავებულია დირექტორის ახალი სტანდარტი და იგეგმება საკანონმდებლო რეგულაციებით სკოლების მართვის დიფერენცირებული მიდგომების დანერგვა. აღსანიშნავია, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზრდება, მათ შორის, გაიზრდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება. მოხსენების შემდეგ მინისტრობის კანდიდატმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
კომიტეტებმა მოუსმინეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს ეკატერინე ტიკარაძეს. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტროს აქტიური ძალისხმევის შედეგად, ეპიდემიოლოგიური სურათი გაუმჯობესებულია. მისი შეფასებით, პანდემიის პირობებში ქვეყანამ ჯანდაცვის სისტემის მდგრადობა შეინარჩუნა.
“COVID-19 პანდემია ჯერ კიდევ რჩება მთავარ გლობალურ გამოწვევად. ჩვენი აქტიური ძალისხმევისა და თანმიმდევრული მოქმედების შედეგად, დღეს სახეზეა გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური სურათი და ნაწილობრივ გახსნილი ეკონომიკა. ჩვენ ერთად გავიარეთ საკმაოდ რთული წელიწადი, თუმცა შევძელით და შევინარჩუნეთ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მდგრადობა. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილურია, ჩვენ უწყვეტად ვაგრძელებთ მოქმედებებს პანდემიის გამოწვევებზე რეაგირებისთვის”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრობის კანდიდატმა ვაქცინის შემოტანის პროცესთან დაკავშირებით ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში სახელმწიფო პანდემიასთან ბრძოლის მთავარ იარაღს – ვაქცინას მიიღებს.
„საქართველომ შეძლო და ჩვენს რეგიონში პირველები მივიღებთ უმაღლესი ხარისხის ვაქცინებს – ამავდროულად, აშშ-სთან და ევროპასთან ერთად, ხელმისაწვდომი კონტრაქტების ფარგლებში, ვაქცინების დამატებითი დოზების მოწოდება დადგინდება. არაერთხელ გამოითქვა უკმაყოფილება საქართველოში ვაქცინების შემოსვლის ვადებთან დაკავშირებით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვაქცინების შერჩევა იყო ხანგრძლივი პროცესი, რამდენადაც ჩვენს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს მხოლოდ ოფიციალური არხებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინების მიღება, ვაქცინის შეძენისთვის გარკვეული დრო დაგვჭირდა. ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ ხარისხიან ვაქცინას, რომელიც მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იქნება. ვაქცინების შეძენისთვის ჩვენ გამოვიყენეთ რამდენიმე ასეთი არხი: კოვაქს-პლატფორმა, ევროკავშირთან თანამშრომლობა და მწარმოებლებთან მოლაპარაკება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ეკატერინე ტიკარაძემ სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო დაწესებულებების გამართულად ფუნქციონირებისთვის სწორი, ორგანიზაციული და ინსტიტუციური მოწყობაა საჭირო. ტიკარაძის განცხადებით, სამედიცინო ჰოლდინგის მთავარი ამოცანა, კლინიკების მართვის ეფექტურობის ამაღლება, ხარისხიანი სერვისების მიწოდება და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში სერვისების განვითარებაა.
„ჰოლდინგის მთავარი ორიენტირი არის სოციალური პასუხისმგებლობა და ჯანდაცვის პოლიტიკის მიზნების უპირატესობა. ჰოლდინგს ეტაპობრივად შემოუერთდება სტრატეგიული მნიშვნელობის სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიც. ჰოლდინგის ეფეტური საქმიანობის პირველი შედეგები ჩვენ უკვე ვიხილეთ რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე. 25 იანვარს ჩვენ გავხსენით ახალი კოვიდ განყოფილება, რომელიც სრულად აღჭურვილი 400 საწოლით მოემსახურება პაციენტებს. რესპუბლიკური საავადმყოფოს მასშტაბური რესურსი, რომელიც წლების მანძილზე გამოუყენებელი რჩებოდა, ეტაპობრივად რეაბილიტირდება და სულ მალე სრული დატვირთვით მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას. მსგავსი რეაბილიტაცია და განახლება შეეხება ჰოლდინგის ქვეშ გაერთიანებულ ყველა დაწესებულებას”,- განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრობის კანდიდატმა ჯანდაცვის სექტორის ფუნდამენტურ რეფორმასა და სახელმწიფლო კლინიკების გაძლიერების სტრატეგიაზე ისაუბრა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდ ინფიცირებულ პაციენტთა ნაკადების 30% სწორედ სახელმწიფო კლინიკებმა მართეს.
„მოსახლეობის ჯანდაცვზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და დავიწყეთ სახელმწიფო კლინიკების გაძლიერების მასშტაბური პროცესი. ისევე, როგორც მსოფლიოს ყველა განვითარებულ სახელმწიფოს, საქართველოსაც უნდა ჰქონდეს მძლავრი ინსტრუმენტი, რომელიც უპასუხებს მოსახლეობის მოთხოვნას ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების მისაღებად. დღეს საქართველოს საწოლფონდში სახელმწიფო დაწესებულებების წილი არის მხოლოდ 15%. ხოლო ევროპის ქვეყნებში აღნიშნული მაჩვენებელი 50%-ზე მეტია. ძლიერი სახელმწიფო დაწესებულებები ნიშნავს მზაობას მოსახლეობის მასშტაბურ სამედიცინო საჭიროებებზე პასუხისთვის. ამის მაგალითი სულ ახლახანს ვიხილეთ, როდესაც კოვიდ ინფიცირებულ პაციენტთა ნაკადების 30% სწორედ სახელმწიფო კლინიკების მიერ იმართა”, – განაცხადა ტიკარაძემ.
მოხსენების შემდეგ ეკატერინე ტიკარაძემ დეპუტატების კითხვებს უპასუხა. კითხვები ძირითადად, ვაქცინაციას ეხებოდა, ასევე მედიკამენტების ხარისხსა და მათზე მაღალი ფასების არსებობას. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კომიტეტის მხრიდან არსებობს მზაობა, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით სამინისტროსთან ერთად იმუშაოს. სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის შეფასებით, მინისტრობის კანდიდატებმა საინტერესო მოხსენებები გააკეთეს. როგორც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, განათლების, მეცნიერებისა, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფა მოხდება 15 მარტიდან, როცა მესამე მოსმენით იქნება შესაბამისი კანონი მიღებული. კომიტეტებმა, ფარული კენჭისყრით, მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ კანდიდატურებს. კომიტეტების დასკვნები ბიუროს გადაეგზავნება.