განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები თანდართულ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად პირველი მოსმენით განიხილა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განმარტებით, Covid19-თან დაკავშირებით სკოლებისა და უნივერსიტეტების დახურვის გამო, სამინისტროს პრიორიტეტი ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის დისტანციური სწავლების სერვისების მიწოდება გახდა. მისი თქმით, შემუშავდა სხვადასხვა ინსტრუმენტი, რომლითაც შესაძლებელი გახდა განათლების სისტემაზე ახალი კორონავირუსის უარყოფითი გავლენის შემცირება და სწავლა-სწავლების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა.
„დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრომ ორი ძირითადი მიმართულებით იმოქმედა: Microsoft-ის პროდუქტების გამოყენებით სკოლებში ონლაინ სწავლება დაინერგა და დაიწყო მასშტაბური პროექტი „ტელესკოლა“. ადმინისტრაციისთვის, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის შეიქმნა Microsoft Office 365-ის მომხმარებლის პროფილი. Microsoft TEAMS-ში შეიქმნა ვირტუალური საკლასო ოთახები ყველა სკოლის კლასებისა და საგნებისთვის. შემუშავდა დეტალური ინსტრუქციები საჯარო სკოლებისთვის. სამინისტროს წარმომადგენლები დახმარებას უწევდნენ პედაგოგებსა და მოსწავლეებს, რათა სასწავლო პროცესი შეუფერხებლად წარმართულიყო”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ზოგადი განათლების მიწოდების მიმართულებით დაინერგება მნიშვნელოვანი და მოქნილი მექანიზმი იმ მიზნით, რომ პირველ რიგში მოსწავლეებს მიეწოდოთ კვალიფიციური, თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი ზოგადი განათლება, აგრეთვე მასწავლებლებისთვისაც დისტანციური ფორმით სწავლების განხორციელება იქნება მოსწავლეებთან ინტერაქციის მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი საშუალება. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება დადებით შედეგს მოიტანს მოსწავლეებისა და მასწავლებლების სასწავლო პროცესში მეტი ენთუზიაზმით ჩართულობისა და მოტივაციის ამაღლების მიმართულებით. კანონპროექტზე მსჯელობისას, კომიტეტის თავმჯდომარემ, გენადი მარგველაშვილმა პანდემიის პირობებში სამინისტროს მიერ გაწეულ სამუშაოებზე გაამახვილა ყურადღება.
„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო და მხარდაჭერა გამოვუცხადო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იმ ძალისხმევისთვის და თანმიმდევრული, ზუსტად გაზომილ-აწონილი მოქმედებებისთვის, რაც Covid19-ის დროს საგანმანათლებლო სისტემაში შექმნა. მინდა, მადლობა გადავუხადო ასევე პედაგოგებს, პროფესურას, მოსწავლეებს, სტუდენტებს, რომლებმაც ადეკვატურად გაითავისეს ეს გამოწვევა“, – განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას. კომიტეტმა, ასევე, პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტები: „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ეკატერინე დგებუაძის განმარტებით, კანონპროექტის მიღებით გაცილებით მოქნილი გახდება საბჭოების საქმიანობა და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, თამარ მახარაშვილის განცხადებით, განათლების უმაღლესი საგანმანათლებლო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოებს, სტუდენტთა/მოსწავლეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, ექნებათ შემდეგი უფლებამოსილებები: ხელახალ ავტორიზაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, მიმდინარე ავტორიზაციის ვადის ფაქტობრივად გაზრდა არაუგვიანეს მიმდინარე სასწავლო წლის დასრულებამდე; ხელახალ ავტორიზაციაზე უარის თქმასთან ერთად, აუცილებლობიდან გამომდინარე, მიმდინარე ავტორიზაციის გაუქმების შესახებ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება; ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება ემთხვევა დაწყებულ სემესტრს, საბჭოს უფლება ექნება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლა დაუკავშიროს მიმდინარე წლის დასრულებას; ანალოგიურად, მოქნილი იქნება საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები; ამასთან, სტუდენტებს მიეცემათ არჩევანის საშუალება, მიმდინარე წელი დაასრულონ ამ დაწესებულებაში/პროგრამაზე თუ ისარგებლონ მობილობით და ამ დროის განმავლობაში მიიღონ სახელმწიფო დაფინანსება ამავე პროგრამაზე. თამარ მახარაშვილის განმარტებით, ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმებისას, თუ ორი ან მეტი პროფესიული პროგრამიდან რომელიმე პროგრამა არ არის შესაბამისობაში პროგრამულ სტანდარტთან, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილი იქნება, ნაცვლად ავტორიზაციის გაუქმებისა, მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული პროფესიული პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ. მისივე თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების გათვალისწინებით, დაცული იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებისა და სტუდენტთა უფლებები, რადგან დადგენილ ვადამდე გაუხანგრძლივდებათ ავტორიზაცია და პროგრამული აკრედიტაცია. ასევე, ცენტრს ექნება საკმარისი ვადა, რათა ადმინისტრაციული წარმოება ჩაატაროს ხარისხიანად, დადგენილი პირობებისა და პროცედურების დაცვით. ეკატერინე დგებუაძემ და თამარ მახარაშვილმა დეპუტატების დასმულ კითხვებს უპასუხეს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, გენადი მარგველაშვილმა აღნიშნა, „სამინისტროსა და კომიტეტს ჰქონდა დისკუსია, თუ რამდენად იქნება მიღწეული სწავლების თანაბრობა, ხარისხი და უწყვეტობა, როგორც ამას გაეროს განათლების განვითარების მიზნები გულისხმობს“, – განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.
დღესვე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან ერთად გაერთიანებულ სხდომაზე „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს IX და X გაერთიანებული პერიოდული ანგარიშების“ პროექტი განიხილა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის განცხადებით, ანგარიშის მიზანია რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს მიერ კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა და პროგრესის შესახებ მისი ინფორმაციით, ანგარიშის მომზადებისას, ქართულმა მხარემ იხელმძღვანელა გაეროს ჰარმონიზებული სახელმძღვანელო მითითებებითა და საქართველოს მეექვსედან მერვე გაერთიანებული ანგარიშის თაობაზე კომიტეტის 2016 წლის 22 ივნისის დასკვნითი შეფასებებით. ხათუნა თოთლაძემ დეპუტატების კითხვებს უპასუხა. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის მოსაზრებით, ანგარიშში ასახული უნდა იყოს Covid19-ის ეფექტური მართვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც მოსახლეობისთვის გარანტირებული სამედიცინო დახმარების საყოველთაო და თანაბარი ხელმისაწვდომობის თვალსაჩინო მაგალითი მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა, ქონებისა, თანამდებობისა, პოლიტიკური მრწამსისა და ა. შ.
„ვფიქრობ, ანგარიში უფრო სრულყოფილი იქნებოდა, თუ ავსახავდით ამას“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.