დმანისის მუნიციპალიტეტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლით სხდომაზე თემატური მოკვლევის – საგანმანათლებლო დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური და სკოლის ექიმის ნორმების დაცვის პრაქტიკა და არსებული გამოწვევების ანგარიში მოისმინეს. მოკვლევის მთავარმა მომხსენებელმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა ვლადიმერ კახაძემ მოკვლევის ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებზე ისაუბრა.
„თემატური მოკვლევა მასწავლებლების, მშობლების, სკოლების ადმინისტრაციის, საგანმანათლებლო რესურსცენტრების, დარგის სპეციალისტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით მომზადდა. კომიტეტმა 86 საჯარო სკოლიდან მიიღო ინფორმაცია, ჩატარდა ერთი ზეპირი მოსმენა, 2 გასვლითი და 4 სამუშაო შეხვედრა. ზემოხსენებული პროცესის შედეგად მიღებული მოსაზრებების ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა მიგნებები და შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები“, – განაცხადა ლადო კახაძემ.
მისივე თქმით, სკოლებში არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად, მნიშვნელოვანია გაფართოვდეს სკოლის ექიმის განათლებისა და გამოცდილების სავალდებულო მოთხოვნების ჩამონათვალი და შეფასდეს სკოლის ექიმის სახელფასო პოლიტიკა. კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო. დმანისში ვიზიტის ფარგლებში, კომიტეტის წევრები პროფესიული კოლეჯს „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“ ეწვივნენ. დეპუტატები კოლეჯის ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროცესს გაეცნენ. პარლამენტის წევრებმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – „აბულმუგის“ სპარსული აბანო დაათვალიერეს. „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ წევრმა ნინო ბურჭულაძემ დეპუტატებს კულტურული ძეგლის ისტორია გააცნო. კომიტეტის წევრებთან ერთად დმანისში იმყოფებოდნენ: პარლამენტის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი.