განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილეს მოუსმინეს

26/03/2024

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიმართულებით თავდაცვის სამინისტროს ანგარიში მოისმინეს. თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ სამინისტროს მიერ ახალგაზრდული პოლიტიკის კუთხით 2023 წელს განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრო, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს პროექტს „ჩვენი ჯარი“.

„პროექტის ფარგლებში 300-მდე საჯარო სკოლასა და 15-მდე უმაღლეს დაწესებულებაში 350-მდე პრეზენტაცია ჩატარდა სამხედრო ისტორიის, საქართველოს ეროვნული გმირების, საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ“, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ. თავდაცვის სამინისტრო, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად საჯარო სკოლებში საგნის – „სამხედრო საქმე“ სწავლებას ახორციელებს.

ამ ეტაპისთვის სწავლებაში 80-მდე საჯარო სკოლაა ჩართული. მინისტრის მოადგილის შეფასებით, საბოლოო მიზანს წარმოადგენს „სამხედრო საქმე“ გახდეს სავალდებულო საგანი და მისი სწავლება კერძო სკოლებშიც განხორციელდეს.
მომხსენებლის ინფორმაციით, სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს „სტუდენტურ პარლამენტთან“.

„თავდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდებთან მუშაობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება და რა თქმა უნდა, თავდაცვის ძალების პოპულარიზაცია“, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტები უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებისთვის და ისინი ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს პასუხობენ. კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0