განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა კოლეგებს კომიტეტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო და იმ მნიშვნელოვან მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელიც კომიტეტმა სამოქმედო გეგმის ფარგლებში განსაზღვრა. კომიტეტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, გიორგი ამილახვარმა ყურადღება საანგარიშო პერიოდში გაწეულ კანონშემოქმედებით საქმიანობაზე გაამახვილა და მათ შორის განსაკუთრებით აღნიშნა: ავტორიზაციის პროცესის გაუმჯობესების გზით სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკანონმდებლო ცვლილებები, კლასტერული აკრედიტაციის დანერგვით უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული საკითხები, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის გატარებული საკანონმდებლო ინიციატივები და დაწყებითი განათლების საფეხურზე სწავლების დაწყების ასაკის ცვლილებასთან მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მისივე განცხადებით, ეტაპობრივად განხორციელდება.
კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობაზე საუბრისას, გიორგი ამილახვარმა 2022 წელს კომიტეტის მიერ ჩატარებულ თემატურ მოკვლევებზე ისაუბრა. მისი თქმით, საზედამხედველო საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა აქტიურად გამოიყენა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ინსტრუმენტები და თემატური მოკვლევა განხორციელდა „სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკა ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში“ და „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლა“. კომიტეტის თავმჯდომარემ პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კომიტეტის ჩართულობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და პოპულარიზაციის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსში ჩაერთო და სპეციალური კატეგორია – „ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობის მხარდაჭერისათვის“ დააწესა.
განათლების და მეცნიერების კომიტეტის 2022 წლის ანგარიში პარლამენტმა ცნობად მიიღო
22/02/2023