განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გასვლითი სხდომა გამართა

27/11/2023

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გასვლითი სხდომა გამართა. სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება. წარმოდგენილი ცვლილებით, უცხოელი მასწავლებლებისთვის მოიხსნება საქართველოს კანონმდებლობით მოწვეული მასწავლებლისთვის განსაზღვრული საგაკვეთილო საათების შეზღუდვა. კანონპროექტით დამატებით განისაზღვრება ვინ შეიძლება იყოს მოწვეული უცხოელი მასწავლებელი. ასევე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ვადა განისაზღვრება 9 წლით. ცვლილების თანახმად, 2024-2025 სასწავლო წელს, დაწყებით საფეხურზე, მშობლის სურვილის შემთხვევაში, სწავლის დაწყების შესაძლებლობა დამატებით მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 1 დეკემბრამდე. ხოლო 2025-2026 სასწავლო წლიდან, დაწყებით საფეხურზე, სწავლის დაწყების შესაძლებლობა დამატებით მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ნოდარ პაპუკაშვილის განმარტებით, პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ კანონპროექტში ცვლილება არ განხორციელებულა. სხდომაზე ასევე მეორე მოსმენით განიხილეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება, რომელიც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით 2023 წელს გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებულ საკითხს დაარეგულირებს. დეპუტატებმა ცვლილება დადებითად შეაფასეს. მათი თქმით, აღნიშნული ინიციატივა ბევრ სტატუსშეჩერებულ სტუდენტს სწავლის გაგრძელების საშუალებას მისცემს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0