განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა „პენიტენციური კოდექსის“ პროექტს მხარი დაუჭირა

30/03/2023

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა დეპუტატებს „პენიტენციური კოდექსის“ პროექტის ძირითადი პრინციპები გააცნო. მისი განმარტებით, კოდექსი პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივ მდგომარეობას და პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა შრომით პირობებს აუმჯობესებს. მომხსენებელმა კოდექსში განათლების უფლებასთან მიმართებით ძირითად აქცენტებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, შემოდის სწავლების ახალი ფორმა – ციფრული სწავლება. მსჯავრდებულს აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების უფლება ექნება, როგორც კორესპონდენციული სწავლების ფორმით, რაც გულისხმობს განათლების მიღებას საკონტაქტო პირის დახმარებით, ისე ელექტრონული პლატფორმების მეშვეობით.

„წარმოდგენილი ცვლილებებით, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულებისა, ყველა მსჯავრდებულს მიენიჭება აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების უფლება. რაც შეეხება ზოგად განათლებას, სტანდარტი უცვლელია, პენიტენციური სამსახური უქმნის პირობებს მსჯავრდებულებს და ბრალდებულებს იმისათვის, რათა მათ მიიღონ ზოგადი განათლება“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

მომხსენებლის განცხადებით, ასევე, შესაძლებელი იქნება ბრალდებულთა ჩართვა ბრალდებულთა მხარდამჭერ პროგრამებში.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი პენიტენციური კოდექსის პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0