ჩიქოვანის ქუჩაზე საყრდენი კედლის მშენებლობის მიმდინარეობისა და გზის გაფართოების პროექტირების დეტალები საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ საზოგადოებრივი საბჭოს წევრებსა და “პარტიზანული მებაღეობის” წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.
ბექა მიქაუტაძის განცხადებით, კედლის პროექტის უდიდესი ნაწილი უკვე დასრულებულია და გზის გაფართოებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის შემდეგი ეტაპის დაგეგმვაში გამგეობას საზოგადოების აქტიური ჩართულობა ესაჭიროება.
გამგებელმა “პარტიზანული მებაღეობის” წარმომადგენლებს, რომლებიც პროექტის საწყის ეტაპზე მრავალწლოვანი ხეების მოჭრას აპროტესტებდნენ, ამ ტერიტორიის გამწვანების დაგეგმარებაში დახმარება და კონკრეტული რეკომენდაციების წარმოდგენა შესთავაზა. ბექა მიქაუტაძის განცხადებით, გაფართოებულ ტერიტორიაზე იგეგმება გამწვანების, პარკირებისა და საფეხმავლო ზონების მოწყობა, რათა მოსახლეობის ყველა მოთხოვნა იქნეს გათვალისწინებული. მისივე თქმით, ტერიტორიის პროექტირებისას გამგეობა მოითხოვს ამ კონკრეტული მონაკვეთის რეაბილიტაციის გარდა, ჩიქოვანის ქუჩაზე პარკირების ზონებისა და ტროტუარის დამცავი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებას.
“მე გამოვაცხადე 2016 წელი საბურთალოზე “მწვანე წლად” და ჩემთვის რაიონში გამწვანების ზონების გაფართოება და მოწყობა მთავარი პრიორიტეტია. საზოგადოების ჩართულობა, ახალი იდეები, რეკომენდაციები ჩვენთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და მე იმედი მაქვს, რომ გასული წლის წარმატებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გააქტიურდება”, – განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
საზოგადოებრივი მოძრაობა “პარტიზანული მებაღეობა თბილისში” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტერიტორიის გამწვანების შესახებ რეკომენდაციებს უახლოეს დღეებში წარმოადგენდნენ.