გაიმართა ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის პრეზენტაცია

27/02/2018

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააქტო დარბაზში, გაიმართა ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის პრეზენტაცია. ღონისძიებაზე, დამსწრე საზოგადოება გაეცნო ინფორმაციას ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის ფარგლებში უკვე განხორციელებული ღონისძიებების, მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
ღონისძიება სიტყვით გახსნა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ. პრეზენტაციაზე, საპატიო მომხსენებელი იყო კულტურული მარშრუტების ევროპული ინსტიტუტის დირექტორი სტეფანო დომინიონი.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, რეგიონული მმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და საელჩოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამას საფუძველი 1987 წელს ჩაეყარა. პროგრამის მიზანია სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის წარმოჩენა საერთო კულტურული მემკვიდრეობის ჭრილში – კულტურის სფეროში თანამშრომლობა და ტურისტული გამოცდილების გაზიარება. მიმართულია ნაკლებად ცნობილი ტურისტული დანიშნულების ადგილების აღმოჩენასა და პოპულარიზაციისკენ. ამ დროისათვის, ევროპის საბჭოში 31 სერტიფიცირებული კულტურული მარშრუტია.
საქართველო, ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების (Enlarged Partial Agreement) წევრი სახელმწიფო, 2016 წელს გახდა. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა, ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და საქართველოში ევროპული ღირებულებების დანერგვას. ამასთან, ადგილობრივი და საერთაშორისო კულტურული მარშრუტების განვითარებასა და საქართველოს ინტეგრაციას ტრანსნაციონალურ მარშრუტებში.
საქართველოში ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის ეფექტური განხორციელებისა და ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, როგორც ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის ეროვნულმა საკოორდინაციო ორგანომ, განახორციელა მთელი რიგი აქტივობები და ღონისძიებები.
მათ შორის, შედგა საკონსულტაციო შეხვედრები გუბერნიების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, შესაბამისი სააგენტოების, სახელმწიფო ორგანოების, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, პოტენციურ ეროვნულ პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან; ჩატარდა “Skype” კონფერენციები/კონსულტაციები საქართველოს რეგიონებთან; ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა ევროპის საბჭოს თანმიმდევრული გზამკვლევი „კულტურული მარშრუტების მართვა: თეორიიდან პრაქტიკამდე“ და შეიქმნა ვებ-გვერდი: www.culturalroutes.gov.ge; დამტკიცდა ასევე, საქართველოს კულტურული მარშრუტების სტრატეგიული განვითარების და სერტიფიცირების საბჭო, რომელიც სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული. საბჭოს მიზანია ადგილობრივი კულტურული მარშრუტების იდენტიფიცირება და სერტიფიცირება.
საქართველოდან სერტიფიცირება უკვე გაიარა რამდენიმე კულტურულმა მარშრუტმა. მათ შორისაა, „ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტი“, „ისტორიული თერმული ქალაქების ევროპული მარშრუტი“ და „პრეისტორიული კლდის ხელოვნება“ – „ღვინის მარშრუტი“, ამ დროისათვის, სერტიფიცირების პროცესშია. სამინისტრო გეგმავს სხვა სერტიფიცირებულ მარშრუტებში გაწევრიანებისთვის პარტნიორების მოძიებასა და ასევე, ახალი მარშრუტების ინიცირებას.
2018 წლის 1 მარტიდან ცხადდება საქართველოს კულტურული მარშრუტების სერტიფიცირებისთვის განაცხადების მიღება. დეტალური ინფორმაცია და განაცხადის ფორმა იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდზე: www.culturalroutes.gov.ge

Tweet about this on TwitterShare on Facebook0