ლანჩხუთი ერთ-ერთია იმ შვიდ მუნიციპალიტეტთა შორის, რომელმაც საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საგრანტო პროექტის ფარგლებში გაიმარჯვა. თბილისში, სასტუმრო „რუმში“ აღნიშნულ პროექტში მონაწილე 23 მუნიციპალიტეტიდან გამარჯვებულად შვიდი გამოვლინდა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ წარდგენილმა პროექტმა „ტურისტული მარშუტები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საშუალომთიანი თემების ეკონომიკური გაძლიერებისთვის“, დიდი მოწონება დაიმსახურა და როგორც უკვე მოგახსენეთ, შვიდ გამარჯვებულ მუნიციპალიტეტთა შორისაა.
პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 67039.6 ლარს შეადგენს, რაშიც მუნიციპალიტეტის დასაფინანსებელია 7150 ლარი. დანარჩენს კი ლანჩხუთი გრანტის სახით მიიღებს. პროექტის განხორციელების ადგილებია ჩოჩხათისა და აცანის ადმინისტრაციული ერთეულები, რომლის ფარგლებში ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მდინარე სუფსაზე ჯომარდობის განვითარება იგეგმება, ასევე გეგმაშია შესაბამისი აღჭურვილობის შესყიდვა, სერთიფიცირებული ინსტრუქტორების მომზადება. აცანაში, ორკარის კანიონისა და მდინარე აცაურას ხეობაში არსებული კანიონების და ჩანჩქერების ტურისტულ მარშრუტებში ჩასმა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება: სავალი ბილიკების, საპიკნიკე ადგილების, ფანჩატურებისა და სავაჭრო დახლების, მარშრუტების მაჩვენებლების მოწყობა. გამოიცემა ტურისტული მარშრუტების ბუკლეტი, შეიძნენ ტურისტულ ინვენტარს (კარვები და სხვ.).
პროექტის მიზანია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალზე დაფუძნებით, მუნიციპალიტეტის საშუალომთიან თემებში ეკონომიკური სარგებლის მიღება, აგროტურიზმის განვითარება და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
პროექტზე ერთობლივად იმუშავა როგორც ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და ინოვაციების ცენტრმა, ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ტურიზმის განყოფილებამ.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საგრანტო პროექტის ფარგლებში ლანჩხუთი ერთ-ერთი გამარჯვებულია
21/12/2019