გაბილეთიანების სისტემის მოდერნიზაციის კონკურსის მეორე ეტაპზე 2 კომპანია გადავიდა

22/07/2017

თბილისის მერიის სპეციალურმა კომისიამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზაციისთვის გამოცხადებული კონკურსის პირველ ეტაპზე გამარჯვებულები გამოავლინა.
დედაქალაქის მთავრობა უახლოეს სხდომაზე აუქციონის თარიღს გამოაცხადებს, სადაც მეორე ეტაპზე გადასული კომპანიები – „თი ბი სი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“ მიიღებენ მონაწილეობას.
კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს: ყველა ტიპის ქართული საბანკო და VISA და MasterCard უცხოური ბარათებით მგზავრობის საფასურის გადახდის დანერგვა. ასევე, უნდა შეიქმნას სპეციალური მობილური აპლიკაციები მგზავრობის დაგეგმვის, ბილეთის შეძენის ფუნქციებით. ამავდროულად, ბილეთის ნაღდი ფულით ყიდვა და სამგზავრო ბარათების გამოყენებაც იქნება შესაძლებელი.
გარდა ამისა, შპს „სატრანსპორტო კომპანია“ მართვისა და დისპეჩერიზაციის უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვება. მიწისზედა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადგილმდებარეობის დადგენის სისტემები დაინერგება, რაც მოძრაობის გრაფიკის კონტროლსა და კორექტირებას უზრუნველყოფს.
დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, უახლოეს ხანში თბილისელებს მგზავრობის საფასურის გადახდისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვის თანამედროვე და სრულყოფილი სისტემები ექნებათ. ეს კი, მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობას მეტად კომფორტულსა და მიმზიდველს გახდის.
აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ ახალი სისტემები მაქსიმუმ ერთ წელიწადში უნდა დანერგოს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0