ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად სოფელ ტოლებში ნუკრი მეფარიშვილის საცხოვრებელი სრულიად განადგურდა

19/02/2019

ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დღეს სოფელ ტოლებში მცხოვრები, 68 წლის ნუკრი მეფარიშვილის საცხოვრებელი სრულიად განადგურდა. შემთხვევა ნაშუადღევს, 16:30 წუთზე მოხდა. სახლში მხოლოდ ოჯახის უფროსი იმყოფებოდა, რომელიც სხეულის ზედა ნაწილის დამწვრობით და სხვადასხვა დაზიანებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამტრედიის ჯეო ჰოსპიტალსში გადაიყვანა. ადგილობრივების განცხადებით ნგრევის და აფეთქების ხმა 1 კმ-ს რადიუსით გავრცელდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური, პოლიცია და ,,სოკარ გაზის” სამტრედიის წარმომადგენლობა. შემთხვევის ადგილზე მივიდა მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია და მოადგილე დავით ბახტაძე. მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მხრიდან მაქსიმალური დახმარება გაეწევა დაზარალებულის ოჯახს.
ვალერი ფოცხვერიამ დაზარალებული ნუკრი მეფარიშვილი საავადმყოფოშიც მოინახულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0