ბულგარეთი ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება საქართველოს მხარდამჭერი ევროპულ გზაზე

12/09/2017

“ბულგარეთი ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება საქართველოს მხარდამჭერი ევროპულ გზაზე. ვთვლით, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე წარმატებული ქვეყნები, როგორიცაა საქართველო, იმსახურებენ ევროპულ პერსპექტივას. ამ ქვეყნების მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური გზავნილი, რომ რეფორმის განხორციელების პროცესს აფასებენ. მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა არის ბულგარეთის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი და ჩვენ მუდმივად ვიქნებით ასეთი ქვეყნების მხარდამჭერი, რადგანაც ეს არის აუცილებელი რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის.“-განაცხადა ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკატერინე ზახარიევამ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ვიქტორ დოლიძესთან გამართული შეხვედრისას. შეხვედრა 11 სექტემბერს ბულგარეთში, ქ.სოფიაში, სახელმწიფო მინისტრის სამუშო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა ბულგარეთს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების წარმატებული შეფასებისთვის.
შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, განიხილეს საქართველო-ბულგარეთს შორის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ენერგეტიკის, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0