სოფელ ბუკნარში წყალმომარაგების მრავალწლიანი პრობლემა მალე მოგვარდება. წყალსადენი სისტემის მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთ კვირაში დაიწყება. ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე სამუშაოების მწარმოებლებთან ერთად ბუკნარის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე მოსახლეობას სარეაბილიტაციო პროექტი გააცნეს და მის ეფექტურად განხორციელების შესახებ ისაუბრეს. წყალსადენი სისტემის მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა „უნივერსალ ჯორჯია 2008“ განახორციელებს. ინფრასტრუქტურული ღონისძიებისთვის 485 000 ლარი დაიხარჯება.
სოფელ ბუკნარში წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემა წლების განმავლობაში მოსახლეობის უმთავრეს პრობლემას წარმოადგენდა, რაც ხშირად პროტესტის სხვადასხვა ფორმით გამოიხატებოდა.
ბუკნარში წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია 2011 წელს არაეფექტურად მოხდა. მისი განხორციელებისთვის მილიონამდე ლარი დაიხარჯა, მაგრამ პროექტში არსებული ხარვეზებისა და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო პრობლემა გადაუჭრელი დარჩა. წყალსადენის დაზიანებული მაგისტრალის შეკეთება თითქმის ყოველდღიურად ხდებოდა საჭირო.
გამგეობაში პრობლემის მოგვარების მიზნით შემუშავდა სტრატეგია. ექსპერტ-სპეციალისტების მიერ მოხდა პრობლემის ძირეული შესწავლა და დაიგეგმა განსახორციელებელი ღონისძიებები. 2014 წელს წყალსადენის სათავე ნაგებობაზე მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა და წყლის დებეტთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარდა, წელს კი მაგისტრალის რეაბილიტაცია მოხდება.
ბუკნარის წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ოქტომბრის თვეში იგეგმება.
ბუკნარში წყალსადენის რეაბილიტაცია იწყება
18/08/2016