მჯერა, რომ ბუკა პეტრიაშვილი იქნება ის, რომელიც არასდროს მიგატოვებთ, არასდროს გათიშავს ტელეფონს და არასდროს დაიმალება, – ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ ვაშლიჯვრის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა და ამომრჩეველს საბურთალოს #4 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსი პეტრიაშვილი წარუდგინა.
“ბუკა პეტრიაშვილი ბოლო 8 წლის განმავლობაში გახდა „თავისუფალი დემოკრატების“ ის ლიდერი, რომელსაც არც ერთი პოლიტიკური ბრძოლა, არც ერთი დარტყმა იოლად არ გადაუგორებია. მისი გადაწყვეტილებები, სწორ დროს, სწორ მომენტში, როდესაც პარტიას გაუჭირდა, როდესაც ხელისუფლებაში და მთავრობაში ჩვენი ყოფნის დროს მივიღეთ პირველი ძლიერი დარტყმა, იყო სწორი, კაცური და სამაგალითო. ბუკამ ჩემთან და სხვა ლიდერებთან ერთად თქვა, რომ ტოვებდა თანამდებობას და ბრძოლას აგრძელებდა ნულიდან. ადამიანის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება არ შეიძლება იყოს მიღებული, ისე, უბრალოდ, თუ მას არ აქვს უდიდესი გამბედაობა და რწმენა. ამიტომაც მწამს, მჯერა, რომ ბუკა პეტრიაშვილი იქნება ის, რომელიც არასდროს მიგატოვებთ, არასდროს გათიშავს ტელეფონს და არასდროს დაიმალება. ბუკა პეტრიაშვილი არ შეუშინდება არც ერთ ძალას და არანაირ ზეწოლას. მან უკვე დაადასტურა, რომ არაფრის ეშინია და შეუძლია თითოეულ მოქალაქეს თამამად ჩახედოს თვალებში და უთხრას, რომ როცა ხელისუფლებაში იყო, აკეთებდა საქვეყნო საქმეს, იხარჯებოდა ბოლომდე. ახლა, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი და, დარწმუნებული ვარ, უკვე დეპუტატი პარლამენტში, ასეთივე სულისკვეთებითა და სიმტკიცით გააგრძელებს საკუთარი ხალხის პრობლემების მოგვარებაში წვლილის შეტანას“, – განაცხადა ალასანიამ.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, წარდგენის ღონისძიებას ,,ირაკლი ალასანია თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძეც ესწრებოდა, რომელმაც მოსახლეობას “თავისუფალი დემოკრატების” და ალექსი პეტრიაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.