ბრძოლა რიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებისთვის

10/05/2016

დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები რიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებისთვის იბრძოლებენ
უმცროსი სერჟანტი ჯონი თოფურია და კაპრალი თენგიზ დიასამიძე პარაკანოე კაიაკის რიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად სალიცენზიო შეჯიბრებაში იასპარეზებენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისთვის ბრძოლაში დაჭრილი ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურე სალიცენზიო შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის გერმანიაში ემზადებიან.
გარემოსთან ადაპტაციის მიზნით, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები გერმანიაში შეჯიბრებამდე 10 დღით ადრე გაემგზავრნენ. სამხედროები აეროპორტში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გააცილეს.
პარაკანოე კაიაკის რიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო შეჯიბრება გერმანიაში, ქალაქ დუისბურგში 13-დან 19 მაისის ჩათვლით გაიმართება. სალიცენზიო შეჯიბრებაში გამარჯვებულები ბრაზილიაში, რიოს ოლიმპიურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0