ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე, სანაპიროზე სკვერი ეწყობა

01/06/2023

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, საზოგადოების ცხოვრების დონის ამაღლებისა და ტურისტული პოტენციალის გასაუმჯობესებლად არაერთი პროექტი ხორციელდება – იგება გზები, წესრიგდება ფეხით მოსიარულეთა სავალი ნაწილები, რეაბილიტაცია უტარდება სკვერებს, საცხოვრებელი კორპუსების ფასადებს, ეწყობა მწვანე საფარი. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სოფლების გაზიფიცირებაც. მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ახორციელებს, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი ადგილზე გაეცნო. ქალაქ ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე, სანაპიროზე სკვერი ეწყობა. პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე ეწყობა საყრდენი კედელი, შიდა ბილიკები, განთავსდება საბავშვო ატრაქციონები, ფიტნეს-ტრენაჟორები, ფანჩატური, დეკორატიული საბაღე სკამები, სანაგვე ურნები, დამონტაჟდება დეკორატიული ლამპიონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. პროექტი ორ ეტაპად განხორციელება და მისი საერთო ღირებულება 800 000 ლარზე მეტია.
ასევე აქტიურ ფაზაშია სარეაბილიტაციო სამუშაოები რუსთაველის ქუჩაზე, სადაც სამი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავებისა და ფასადების მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში სრულად იცვლება – სახურავები, ხის კარ-ფანჯრები ალუმინისა და მეტალპლასტმასის კარ-ფანჯრებით, აივნების მოაჯირები, ასევე შებათქაშდება ფასადები, ცოკოლი მოპირკეთდება ბუნებრივი გრანიტით, ფასადებზე მოეწყობა დეკორატიული განათება.
დასრულების ეტაპზეა კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციაც. პროექტის მიხედვით დაგეგმილია გზის მოწესრიგება, დაიგება ორფენიანი ასფალტის საფარი, მოეწყობა მიწისქვეშა სანიაღვრე ქსელი და ტროტუარები.
მესხეთის ქუჩაზე კი არსებული ავტობაზის ტერიტორიაზე მდებარე შენობისა და ტერიტორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ავტოფარეხის რეაბილიტაციის პროექტის თანახმად, დაგეგმილია ძველი ამორტიზებული შენობების დემონტაჟი, ადმინისტრაციული შენობის სრული რეაბილიტაცია და ავტობუსის სადგომების მოწყობა მეტალის კონსტრუქციით. ასევე, ტერიტორიაზე განთავსდება ავტობუსების სამრეცხაო და სახელოსნო. ამასთან, მოეწყობა ფერდის დამჭერი საყრდენი კედელი, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა და მოწესრიგდება კანალიზაციის ქსელი.
ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულების ეტაპზეა მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებშიც:
სოფელ საკირეში რეაბილიტაცია უტარდება შიდა საუბნო გზას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის გამაგრება. პროექტის ღირებულება ნახევარ მილიონ ლარამდეა.
სოფელ ქვაბისხევში ეკლესიასთან მისასვლელი გზა ეწყობა. პროექტით გათვალისწინებულია საავტომობილო გზის მოწესრიგება, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობა და ეზოს შესასვლელის მოწესრიგება.
სოფელ ჭობისხევში კი სკოლის უკან მდებარე უბნამდე მისასვლელი გზის მოწყობის სამუშოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია გზის რეაბილიტაცია, სადაც ბეტონის საფარი დაიგება.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 12 პროექტს ახორციელებს და მათი ჯამური ღირებულება 9 მილიონ ლარამდეა.
სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს სამცხე-ჯავახეთის ვიცე-გუბერნატორმა დავით ვარდიაშვილმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, პირველმა მოადგილე გიორგი ტაბატაძემ, ასევე, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0