ბორჯომს ოფიციალური ვიზიტით ლატვიის ქალაქ მადონადან დელეგაცია ესტუმრა. ქალაქის მერთან ერთად, დელეგაციაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ბიზნესმენები იმყოფებოდნენ.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დამეგობრებული ქალაქების ხელმძღვანელმა პირებმა შეხვედრები გამართეს, მოხდა ასევე ადგილობრივი და ლატვიელი ბიზნესმენებისა და მეწარმეების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება.
როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა აღნიშნა, შეხვედრებმა ნაყოფიერად ჩაიარა. მხარეებმა ერთმანეთს მუნიციპალიტეტებში დანერგილი პრაქტიკა გაუზიარეს, დაისახა სამომავლო გეგმები. მნიშვნელოვანი საუბრები შედგა ტურიზმის სფეროს განვითარების ხელშეწყობისათვის. ლატვიელი კოლეგების თქმით, თავიანთ ქვეყანაში ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან ბორჯომის როგორც საკურორტო ქალაქის პოპულარიცაზიასა და რეკლამირებას.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენები დაინტერესდნენ ცენტრალურ პარკში 1898 წელს აშენებული ჰიდროელექტროსადგურით და მისი აღდგენის შესახებ შესაბამის უწყებაში კონსულტაციებიც გაიარეს.
ლატვიელმა სტუმრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ბორჯომისა და მადონას მუნიციპალიტეტების რამდენიმე წლიანი ურთიერთობა მომავალში უფრო მჭიდრო და ნაყოფიერი გახდება. დელეგაციის წევრების განცხადებით. ლატვიის დამოუკიდებლობის 90 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ვაჟთა სახალხო ვოკალური ანსამბლი „ბორჯომი“ საპატიო სტუმრის სტატუსით იქნება მიწვეული.
ქალაქები ბორჯომი და მადონა დაძმობილებული ქალაქის სტატუსს 2013 წლის 25 აგვისტოდან ატარებენ.
ბორჯომს ოფიციალური ვიზიტით ლატვიის ქალაქ მადონადან დელეგაცია ესტუმრა
06/05/2016