ბორჯომის მუნიციპალიტეტი ევროპის რეგიონების ინსტიტუტის (IRE) სრულუფლებიანი წევრია

03/10/2016

ზალცბურგში ფედერალური მიწის, ევროპის რეგიონების ინსტიტუტის (Das Institut der Regionen Europas/IRE) და ზალცბურგის მერიის ორგანიზებით „ევროპის რეგიონებისა და ქალაქების“ მე-12 კონფერენცია გაიმართა, რომელიც მდგრადი განვითარების საკითხებს მიეძღვნა.
კონფერენციას საპატიო სტუმრის სტატუსით ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ეკატერინე ორჯონიკიძე ესწრებოდა, რომელსაც ღონისძიების ფარგლებში ზალცბურგის მიწის ყოფილმა პრეზიდენტმა, პროფესორმა ფრანც შაუსბერგერმა ევროპის რეგიონების ინსტიტუტისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის სერთიფიკატი გადასცა, ბორჯომის მუნიციპალიტეტი ევროპის რეგიონების ინსტიტუტის სრულუფლებიანი წევრი, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ განხორცილებული აქტივობების შედეგად 2016 წელს გახდა. ასევე, მიმდინარე წელს აღდგა თანამშრომლობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ევროპის რეგიონების ინსტიტუტს შორის. კონფერენციას ევროპის სხვადასხვა რეგიონის სამასამდე წარმომადგენელი დაესწრო.
ევროპის რეგიონების ინსტიტუტი 21 ევროპული ქალაქის 130 წევრს აერთიანებს. ევროპის რეგიონების ინსტიტუტის „პატრონაჟის ბორდის“ წევრები არიან: ავსტრიის რესპუბლიკის ყოფილი კანცლერი ვოლფგანგ შუსელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, გერმანიის ყოფილი კანცლერი ჰელმუტ კოლი და სხვები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0