პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს მოუსმინეს. მინისტრმა პარლამენტს სამინისტროს მიერ 2019 წელს განხორციელებული სამუშაოების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„7500 ინფრასტრუქტურული პროექტი, 40 ათასამდე დასაქმებული ადამიანი, 804 კილომეტრი რეაბილიტირებული და შეკეთებული, 142 კილომეტრი ახალი გზის მშენებლობა, 41 ახალი სასწრაფო დახმარების ცენტრი, 71 ახალი ან რეაბილიტირებული ამბულატორია, 59 ახალი სკოლის მშენებლობა, 100 სკოლის რეაბილიტაცია და მცირე სარემონტო სამუშაოები 642 სკოლაში, გაუმჯობესებული წყალმომარაგება 250 ათასი ადამიანისთვის – ეს არის მხოლოდ რამდენიმე მონაცემი იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩვენ 2019 წლის განმავლობაში ვახორციელებდით და რომლებიც მიმდინარეობს 2020 წლის განმავლობაში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, 2019 წელი როგორც პროექტების რაოდენობით, ასევე ინვესტიციების მოცულობის გამორჩეული წელი იყო. სამინისტროს ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამინისტრომ 2 მლრდ 523 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები დააფინანსა. მინისტრის ინფორმაციით, 2019 წელს ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის – რიკოთის საუღელტეხილო გზის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო. 25 კმ-ზე უკვე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, დანარჩენ ორ მონაკვეთზე კონტრაქტორები ემზადებიან სამუშაოების დასაწყებად, მთლიანად აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 142 კმ-იან მონაკვეთებზე მიმდინარეობს აქტიური მშენებლობა, საიდანაც 70 კმ-ის დასრულება იგეგმება 2020 წელს. კერძოდ, წელს დასრულდება ხაშურის შემოვლითი 13 კმ გზა, ქუთაისის შემოვლითი გზის ორი ზოლი და სამტრედია-გრიგოლეთის 14 კმ მონაკვეთი. მშენებლობაზე დასაქმებულთა 80% საქართველოს მოქალაქეა. ვიცე-პრემიერმა ისაუბრა სხვა მნიშვნელოვან საგზაო პროექტებზეც. მან აღნიშნა, რომ აქტიური სამშენებლო სამუშაო მიმდინარეობს გრიგოლეთი-ქობულეთის და ბათუმის შემოვლით გზებზე, ხოლო ბათუმი-სარფის მონაკვეთი პროექტირების ეტაპზეა. მინისტრი შეეხო ქვეშეთი-კობის პროექტსაც, რომლითაც გათვალისწინებული 9 კმ-იანი გვირაბის და 12 კმ გზის მშენებლობა. მისი თქმით, ქვეშეთი-კობის გზის პროექტზე უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია და მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. ამ პროექტზე 2 500 ადამიანი დასაქმდება.
მან გამოსვლაში ყურადღება დაუთმო საავტომობილო გზების შეკეთება-რეაბილიტაციის საკითხს. მნიშვნელოვანია, რომ მთლიანობაში საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებში დასაქმებული იყო 10 ათასამდე მოქალაქე, საიდანაც 90% იყო ჩვენი თანამოქალაქე, იმ რეგიონების მაცხოვრებლები, სადაც ხორციელდებოდა ეს სამუშაოები. მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ გასული წლის განმავლობაში საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 804 კმ გზის რეაბილიტაციის სამუშაო დაასრულა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მუშაობა ზემო იმერეთი-რაჭის, ბაღდათი-აბასთუმნის, ლენტეხი-მესტიისა და სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის მონაკვეთებზე.
„გზის ინფრასტრუქტურის ტენდერებში 55-მდე ახალი კომპანია მონაწილეობდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიების ბრუნვაც. მაგალითად, 7-მა კომპანიამ 20 მილიონიან ბრუნვას გადააჭარბა, ხოლო ერთი ხელშეკრულების ფარგლებში 20 მლნ ლარზე მეტი 11-მა კომპანიამ მიიღო. ძალიან სასიხარულოა, რომ სულ უფრო მეტი ქართული კომპანია ახალ სიმძლავრეებზე გადის. მთლიანობაში, გზების დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ სამუშაოებში დასაქმებული იყო 10 ათასი ადამიანი, საიდანაც 90% ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერმა მუნიციპალური გზების რეაბილიტაციის პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება, საიდანაც ნაწილობრივ დასრულდა და 2020 წლის განმავლობაში დასრულდება ქუთაისის, ზუგდიდის, ზესტაფონის, ფოთის და სხვა ქალაქების ცენტრალური ქუჩების მოწესრიგება. მან ისაუბრა წყალმომარაგების სექტორზეც, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისათვის.
„ბოლო წლებში წყლის სექტორის დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, ამ მიმართულებით კიდევ ბევრი გამოწვევა გვაქვს. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ძალიან ბევრ დასახლებაში პრობლემად რჩება 24-საათიანი წყალმომარაგება. სამწუხაროდ, სასმელი წყლის სტანდარტის დასაკმაყოფილებლად ბევრი მუნიციპალური ქსელი საჭიროებს დამატებით ინვესტიციებს. ბევრია გასაკეთებელი წყლის ეფექტიანი სისტემების დასანერგად, რაზეც ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, 2019 წელს მხოლოდ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება შეადგენდა 276 მლნ ლარს, რაც 60%-ით მეტი იყო წინა წელთან შედარებით. დასრულებული პროექტების შედეგად 800 ათასზე მეტ ადამიანს უკვე აქვს წვდომა 24-საათიან წყალმომარაგებაზე, ხოლო 2020 წელს დაგეგმილია წყლის 19 ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულება, შედეგად კიდევ 245 ათას ადამიანს ექნება წვდომა გაუმჯობესებულ წყალმომარაგებაზე. მნიშვნელოვანია, რომ წელს გამყოფი ხაზის მიმდებარედ 26 სოფელში მიიღებენ ასევე გამართულ წყალმომარაგებას. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, წელს მუნიციპალიტეტებს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 402 მლნ ლარი დაუფინანსდა. მინისტრმა ყურადღება მთის მოსახლეობის მხარდასაჭერად განხორციელებულ ღონისძიებებსაც დაუთმო და განაცხადა, რომ მთის კანონის ამოქმედებიდან სახელმწიფომ 310 მლნ ლარი მიმართა მთის მოსახლეობის მხარდასაჭერად.
„წელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი დამატებით 6 დასახლებას მიენიჭა და შედეგად, მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათები უკვე 1737 დასახლებაზე ვრცელდება. ამ დასახლებებში 248 450 ადამიანი სარგებლობს კანონით დადგენილი შეღავათებით. კანონის ამოქმედებიდან 2019 წლის ჩათვლით სახელმწიფომ 310 მლნ ლარი მიმართა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერისთვის,“ – განაცხადა მან.
მაია ცქიტიშვილმა ასევე ისაუბრა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე 19 დასახლებას მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.
„თქვენი მოწონების შემთხვევაში, იმ 4 მუნიციპალიტეტში, სადაც დასახლებათა 80% არის მაღალმთიანი, დარჩენილ 39 დასახლებასაც მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. ასევე, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები სტატუსის მოსაპოვებლად 9-დან 6 თვემდე შემცირდება 2000 მეტრზე ზემოთ მდებარე დასახლების მუდმივი ცხოვრების ვადა. ამ ცვლილებების შედეგად დაახლოებით 25 ათასი ადამიანი 58 დასახლებაში ისარგებლებს კანონით დადგენილი შეღავათებით“, – მიმართა პარლამენტს მაია ცქიტიშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ 2019 წელს მთაში მცხოვრები 207 ოჯახისთვის შეძენილია მზის პანელები მათი ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიზნით. ასევე, დაფინანსდა ინტერნეტის გაყვანა ფშავ-ხევსურეთში და გუდამაყრის ხეობაში. მაია ცქიტიშვილმა სხვა მიმართულებებთან ერთად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მეშვეობით დაფინანსებული სამუშაოების თაობაზეც მიაწოდა პარლამენტს ინფორმაცია.
„გასულ წელს, ფონდის ბიუჯეტმა ისტორიულ ნიშნულს მიაღწია და 310 მლნ ლარით დაფინანსდა 1239 პროექტი. ახალი პროგრამის ფარგლებში, 2019 წელს, 41 სასწრაფო დახმარების ცენტრი და 104 ამბულატორია აშენდა, ასევე დასრულდა 272 ამბულატორიის შენობის რეაბილიტაცია. ამ ინფრასტრუქტურის აღჭურვას წელს ჯანდაცვის სამინისტრო ეტაპობრივად უზრუნველყოფს და ჩვენი მოქალაქეები სათანადო მომსახურების მიღებას შეძლებენ. ცალკე მინდა აღვნიშნო სტიქიის პრევენციის ღონისძიებების კუთხით განხორციელებული 148 პროექტი, რაც მომავალში რისკებს მნიშვნელოვნად შეამცირებს,“ – აღნიშნა მან.
მინისტრმა ისაუბრა ასევე სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც გასულ წელს 40 მლნ ლარით 4812 პროექტი დაფინანსდა. მისი თქმით, ეს პროგრამა წელსაც გრძელდება და ამასთან დაკავშირებით 2500-ზე მეტი შეხვედრა უკვე გაიმართა, ახლა სამინისტროში მუნიციპალიტეტებიდან კონკრეტულ განაცხადებს ელოდებიან სხვადასხვა პროფილის პროექტების დასაფინანსებლად. ვიცე-პრემიერმა ისაუბრა ასევე სამინისტროსთვის შედარებით ახალ მიმართულებაზე – იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 2019-2021 წლებში 152.3 მილიონი ლარის ღირებულების საცხოვრებელი კორპუსები შენდება 2440 დევნილი ოჯახისთვის.
„უკვე დასრულებულია ბინები 620 ოჯახისთვის მცხეთაში, ზუგდიდსა და წყალტუბოში. წლის ბოლომდე დასრულდება დამატებით 3 კორპუსის მშენებლობა ქუთაისში 480 ოჯახისთვის. ასევე, მიმდინარეობს და 2021 წლისთვის დასრულდება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა 1340 ოჯახისთვის ქუთაისში, ზუგდიდსა და წყალტუბოში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
სამინისტროს სხვა მიმართულებებთან ერთად, მინისტრმა განათლების ინფრასტრუქტურის პროექტების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„გასულ წელს 260 მლნ ლარით დაფინანსდა ეს მიმართულება. დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს 59 სკოლის პროექტირება-მშენებლობა და 80 სარეაბილიტაციო სკოლის პროექტირება. ასევე, 20 სკოლაში მიმდინარეობს ენერგო-ეფექტურობის კომპონენტის გაძლიერებაც. ამასთან, მუნიციპალიტეტების მიერ, 642 სკოლაში ჩატარდა 40 მლნ ლარის მცირე სარემონტო სამუშაოები და ამ კუთხით წელსაც იდენტური ბიუჯეტია გამოყოფილი,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
თავის გამოსვლაში მინისტრი საბავშვო ბაღების საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, გასულ წელს დაიწყო საერთაშორისო სტანდარტების მცირე ზომის 32 ბაღის მშენებლობა და ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ტიპიური პროექტების შემუშავება საშუალო და დიდი ზომის 24 ბაღისთვის. ამ პროექტების საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 50 მლნ ლარია. მისივე თქმით, 2019 წელს ასევე მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება დაიწყო სპორტული მიმართულებით, რაც დაახლოებით 45 მლნ ლარის პროექტებს ეხება. მან ყურადღება დაუთმო ტურიზმის მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებსაც, მათ შორის, ტურისტული ინფრასტრუქტურის კუთხით. მინისტრის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლებამ წლების განმავლობაში ბევრი ნაბიჯი გადადგა თვითმმართველობების გაძლიერების გზაზე და ეს პოლიტიკა თანმიმდევრულია, ვინაიდან რეგიონების განვითარება შეუძლებელია ძლიერი მმართველობითი სისტემის განვითარების გარეშე.
„გასულ წელს დამტკიცდა 2020-2025 წწ დეცენტრალიზაციის სტრატეგია და 2-წლიანი სამოქმედო გეგმა. ამ დოკუმენტების შემუშავების პარალელურად მომზადდა ე.წ. ჰარმონიზაციის პაკეტი, რომელიც გულისხმობს 172 კანონში ცვლილებებს, რათა ყველა სიახლე შესაბამისობაში მოვიდეს თვითმმართველობის კოდექსის დებულებებთან. გასულ წელსვე დაიწყო მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირების გზით სკოლების რეაბილიტაციის და ბავშვთა ტრანსპორტირების უფლებამოსილების გადაცემა. რაც შეეხება ფისკალურ დეცენტრალიზაციას, კანონმდებლობით განისაზღვრება, რომ 2025 წლის ბოლოს თვითმმართველობების საერთო შემოსულობების წილი მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 7% იქნება,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, გასული წლიდან დაიწყო დამატებითი ღირებულების გადასახადის 19 პროცენტის განაწილება მუნიციპალიტეტებზე და შედეგად, 2018 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად მეტი ფინანსური რესურსი მიიმართა ადგილებზე.
მნიშვნელოვანია, რომ წინა წელს 51 მუნიციპალიტეტს 25%-იანი ზრდა ჰქონდა და წინასწარი გათვლებით, მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლების სახით, წელს კიდევ უფრო მეტი თანხები გახდება ხელმისაწვდომი.
„დეცენტრალიზაციის რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანი კომპონენტია ტრენინგები თვითმმართველობებში. საჭიროებათა კვლევის საფუძველზე, ყველა სფეროში, 2019 წელს კვალიფიკაცია აიმაღლა 5269 ადგილობრივმა მოხელემ. მათი გადამზადების პროცესი წელსაც გაგრძელდება. ამასთან, 21 მუნიციპალიტეტში უკვე დაწყებულია სამუშაო მუნიციპალური სერვისების დანერგვასთან დაკავშირებით, სადაც ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესაძლებელი იქნება თბილისში არსებული ყველა სერვისის დანერგვა და მიწოდება. სრულად ეს პროცესი 2022 წლისთვის დასრულება,“ – თქვა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერის გამოსვლის შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, პარლამენტის ცალკეულმა წევრებმა სამინისტროს საქმიანობის შესახებ შეფასებებიც გააკეთეს. პარლამენტის წევრთა კითხვების დიდი ნაწილი, ძირითადად, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ამ პროცესებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას შეეხო. პარლამენტის წევრმა კობა ლურსმანაშვილმა მინისტრის მოხსენება დადებითად შეაფასა, სადაც, მისი თქმით, შესანიშნავად იყო წარმოდგენილი ზრდის დინამიკა, რომელიც რეგიონული პროექტების განხორციელების კუთხით არის და რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის. აქვე დეპუტატი იმითაც დაინტერესდა, არსებობს თუ არა მოლოდინი, რომ შესაძლებელია ამ პროგრესის შენარჩუნება და სამშენებლო ბაზარზე ბევრი ახალი კომპანიის გამოჩენა ხომ არ შექმნის პროექტების შესრულების ხარისხთან და ვადასთან დაკავშირებულ საფრთხეებს. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში წყალმომარაგების საკითხით დაინტერესდა ცოტნე ზურაბიანი, რადგან მისი თქმით, რამდენიმე სოფელში კვლავაც მოუგვარებელი რჩება სასმელი წყლის პრობლემა. მან მინისტრისგან მოითხოვა უფრო დეტალური ინფორმაცია წყალტუბოს აღორძინების პროექტთან დაკავშირებით.
საკითხით, თუ რამდენად შენარჩუნდება სახელმწიფოს მიდგომა მაღალმთიანი რეგიონების მიმართ, დაინტერესდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი. მისი თქმით, იზრდება მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლების რაოდენობა და იმ პირთა რიცხვი, რომლებიც ამ სტატუსით სარგებლობენ. პარლამენტის წევრი დაინტერესდა მთავრობის გეგმებით აღნიშნული მიმართულებით და იმ პოლიტიკით, რაც სტატუსით მოსარგებლე მოსახლეობას ახალ ბენეფიტებს მიანიჭებს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შალვა კიკნაველიძემ მადლობა გადაუხადა მინისტრს მასშტაბური სამუშაოებისთვის: „არ შემიძლია არ აღვნიშნო ის უპრეცედენტო და მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელსაც თქვენი სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს, რისთვისაც მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენს გუნდს“, – განაცხადა მან და მინისტრისგან დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა ზესტაფონის რაიონში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით.
პარლამენტის წევრის, ზაზა ხუციშვილის კითხვა ჩქაროსნული გზის მშენებლობის საკითხის ეხებოდა. გიორგი კოპაძე დაინტერესდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ანალიზით და მინისტრის შეფასებით რამდენად ხელშესახებია იგი სოფლის მოსახლეობისათვის. დიმიტრი ცქიტიშვილის კითხვა ეხებოდა საკითხს, თუ რამდენად უკავშირდება პროექტების განხორციელება მოსახლეობის დასაქმებას და ასევე, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით რა გეგმა და სტრატეგია აქვს სამინისტროს. არჩილ ხაბაძე ტურისტული მიმართულების პროექტების საკითხით და ამ მიმართულებით სამინისტროს გეგმებით დაინტერესდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუშაობა დადებითად შეაფასა რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მერაბ ქვარაიამ და მინისტრს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შესრულებასა და განათლების ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებაზე კითხვებით მიმართა.
„ჩვენ პოლიტიკურ გუნდს არასოდეს გვეუფლება თვითკმაყოფილება და არც არის საჭირო, მიუხედავად ამისა, ცალსახად უნდა ითქვას, რომ ძალიან პოზიტიური და დადებითია თქვენი სამინისტროს მუშაობა და დადებით შეფასებას იმსახურებს ის ციფრები, მონაცემები და შედეგები, რომლებსაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ. დარწმუნებული ვარ სამინისტრო სწორედ ამ ტემპით და დინამიკით გააგრძელებს შემდგომშიც თავის საქმიანობას“, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
ირაკლი სესიაშვილის კითხვა აღმოსავლეთ საქართველოსთან მიმართებაში წყლის დეფიციტთან დაკავშირებით სამინისტროს სტრატეგიას ეხებოდა.
„ანგარიშის წარდგენის დროს თქვენ ახსენეთ წყლის მხრივ არსებული გამოწვევები და მართლაც, ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშეა განსაკუთრებით, აღმოსავლეთ საქართველო. ჩემთვის საინტერესოა, თუ გაქვთ გრძელვადიანი სტრატეგია წყლის დეფიციტთან დაკავშირებით, აღმოსავლეთ საქართველოსთან მიმართებაში. მე წარმოვადგენ თელავს და ყვარელს. სასმელი წყლით მომარაგებასთან დაკავშირებით კრიტიკული ვითარებაა. ვიცი, რომ სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს პრობლემის მოგვარებას, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
ანაკლიის პორტი, ფრონტერაში დასაქმებული ადამიანების საკითხი, თბილისი-რუსთავის გზატკეცილი – ეს ის საკითხებია, რომლებთან დაკავშირებით ვიცე-პრემიერის პოზიციით დაინტერესდა ბექა ნაცვლიშვილი. დავით სონღულაშვილი ნაპირსამაგრი სამუშაოების, თბილისის-საგარეჯო-ბაკურციხის მაგისტრალის მშენებლობის მიმდინარეობითა და რკინიგზის საკითხით დაინტერესდა
მთელი სპორტული საზოგადოების ინტერესი მიიტანა მინისტრამდე შოთა ხაბარელმა, დაინტერესდა რა სპორტის უნივერსიტეტის შენობის ბედით.
„სპორტის უნივერსიტეტი დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. უნივერსიტეტს აქვს ავტორიზაციის პრობლემა, იმის გამო, რომ შენობა არის ცუდ მდგომარეობაში. ეს ის უნივერსიტეტია, რომელმაც ძალიან დიდი საქმე გააკეთა ქართული სახელმწიფოსთვის. გახსოვთ ყველას რა პროცესები მიმდინარეობდა იმ ავადსახსენებელ პერიოდში, ჩვენ ვიბრძოლეთ და 2012 წელს გაუქმებული უნივერსიტეტი აღვადგინეთ და სწორადაც მოვიქეცით. ამ წლებმა ძალიან დიდი დაღი დაასვა ქართულ სპორტს. დღეს რომ შეხვიდეთ სპორტულ დარბაზებში, სკოლებში, ფაქტობრივად, 70 პროცენტი პროფესიული მასწავლებლების და მწვრთნელების დეფიციტს განიცდის“, – განაცხადა შოთა ხაბარელმა.
ლევან კობიაშვილმა მადლობა გადაუხადა მინისტრს იმისათვის, რომ მისი აქტიური ჩართულობით, ზუგდიდის სტადიონის პროექტთან დაკავშირებით არსებული ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულ იქნა. მისივე თქმით, სოფელ რუხში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, უეფას მხარდაჭერით, აკადემიის მშენებლობას იწყებს და ეს პროექტის სულ რამდენიმე კვირაში დაიწყება.
პარლამენტის წევრმა დიმიტრი მხეიძემ მინისტრს და მის გუნდს მადლობა გადაუხადა იმ ძალისხმევისათვის, რის შედეგადაც სულ მალე ქუთაისის 24 საათიანი წყლით მომარაგების პროექტი დასრულდება. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, სახელმწიფოს იმ ქვედანაყოფს, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის განხორციელებას, ნამდვილად მადლობა ეთქმის.
„როდესაც საქმე ეხება არა პირადად მინისტრს, ან მოადგილეს ან დეპარტამენტის დირექტორს, არამედ ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების თემას, მხედველობაში მაქვს საგზაო მშენებლობა, რასაკვირველია, მადლობა ეთქმის სახელმწიფოს იმ ქვედანაყოფს, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის განხორციელებას“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
როგორც მან აღნიშნა, კომუნიკაცია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, დასავლეთის ბაზრებზე გასვლა, კომუნიკაცია სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის – ეს ის საკითხებია, რაც საქართველოსთვის უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტია.
გიორგი ვოლსკიმ, თავის გამოსვლაში, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ საკითხების მნიშვნელობას, რომელზეც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მუშაობს და აღნიშნა, რომ მას გარანტირებული ექნება თანადგომა.
„90-იან წლებში, როდესაც გავხსენით პირველი საელჩო ვაშინგტონში და პირველი საელჩო ნიუ-იორკში, შევხვდით არაერთ მნიშვნელოვან პიროვნებას და მათ შორის, ოთხვარსკვლავიან გენერალ ჯონ შალიკაშვილს. სწორედ, მან თქვა და ჩვენთვისაც ეს გასაგები იყო, რომ საქართველო თავისი მდებარეობით საგანგებო მნიშვნელობისაა მსოფლიოსათვის და ეს შეიძლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში იქცეს მისი პრობლემების წყაროდ და მიზეზად. აი ამ საკითხებზე მუშაობს ეს ხალხი, გარდა იმისა, რომ სამეურნეო საქმიანობას ეწევა. ეს თემა მნიშვნელოვანია ყველა ხაზით და მათ შორის, ავიღოთ თუნდაც შემოტევები ამ მიმართულებით, რომელიც ბოლო პერიოდში გვქონდა. ასე რომ, ქალბატონო მაია დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს და ვიცი, რომ თანადგომა გარანტირებული გექნებათ და არა მარტო უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ სახელით ფრაქციის თავმჯდომარემ სიმონ ნოზაძემ მადლობა გადაუხადა მინისტრს და მის გუნდს, სამინისტროს განხორციელებული მასშტაბური საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ ინფორმაცია განხორციელებული პროექტების თაობაზე მოსახლეობამდეც უნდა იყოს სრულყოფილად მიტანილი.
„გაცილებით მეტია გაკეთებული, ვიდრე მოსახლეობამდეა ინფორმაცია მიტანილი და ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ.
მისი შეფასებით, გასული წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დევნილთა საცხოვრებლებით უზრუნველყოფისათვის და ასე რომ ემუშავა წინა წლებში ყველას დღეს დევნილების ბინით უზრუნველყოფის პრობლემა ქვეყანაში აღარ იქნებოდა.
სიმონ ნოზაძემ მინისტრის ყურადღება სხვა საკითხებთან ერთად, ხაშურის წყალმომარაგების საკითხსაც მიაპყრო და განაცხადა, რომ ამისათვის უკვე ბევრი გაკეთდა – პროექტი შედგენილია, თანხები მოძიებულია და ახლა საჭიროა დროულად დაიწყოს მისი განხორციელება. მისივე თქმით, დიდი საინჟინრო პოტენციალია ქვეყანაში და კარგი იქნება, თუ კი ამ მიმართულების ასაღორძინებლად მთავრობა შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს. დასასრულ, სამინისტროს საქმიანობის ანგარიში, საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ შეაჯამა. დეპუტატმა მინისტრს და მის გუნდს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უწყების მიერ შესრულებული სამუშაოები ციფრებში და რიცხვებში აისახება, რომლის საზომიც საქართველოს მოსახლეობაა.
„ციფრები და რიცხვები გრანდიოზულია, მეტიც, უპრეცედენტოც! თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს არ გახლავთ საზომი. ეს არ არის მხოლოდ ციფრებში და რიცხვებში გასაზომი სამუშაო, რადგან საზომი არის ადამიანი, რომლისთვისაც ხორციელდება ეს საქმე, რომელსაც მთავრობის სახელით რეგიონული განვითარების სამინისტრო აკეთებს. ამ სამუშაოს საზომი არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენი ქვეყნის მთასა და ბარში, ადამიანები, რომლებიც „მთის კანონის“ მოქმედების შედეგად დაუბრუნდნენ საკუთარ ისტორიულ კერას. ადამიანები, რომლებმაც წამოიწყეს სამეწარმეო საქმიანობა, რომლებიც დაკავებულნი არიან საგანმანათლებლო მოღვაწეობით. ეს პროექტები უკავშირდებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამაგრებენ მთას და ჩვენს საზღვრებს. ხოლო სახელმწიფო მუშაობს იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკული თვალსაზრისით მოწესრიგებული საცხოვრებელი გარემო, ახალი და დამოუკიდებელი შემოსავლებისთვის სხვადასხვა პროგრამა, რომლებშიც ჩართულები არიან და დღეს ასობით „მაღალი მთის“ სტატუსის მქონე საწარმო მუშაობს ამისთვის და ამის შედეგად“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
კომიტეტის თავმჯდომარემ სამინისტროს პოლიტიკა შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყნის სატრანსპორტო-ლოჯისტიკური და ეკონომიკური პოტენციალის ზრდისთვის უწყება მიზანმიმართულ ღონისძიებებს და შესაბამის პროექტებს ახორციელებს. ყოველივე ეს, მისივე თქმით, საინვესტიციო თვალსაზრისით ქვეყანას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ზაზა გაბუნიამ თავის გამოსვლაში ყურადღება სამინისტროსა და საკანონმდებლო ორგანოს შორის არსებულ თანამშრომლობის მიმართულებებსაც დაუთმო და საკანონმდებლო ინიციატივებზე ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი.
„როცა საკანონმდებლო ინიციატივებზე ვსაუბრობ, არ შემიძლია არ შევეხო სამუშაოს, რომელიც რეგიონული განვითარების სამინისტრომ წამოიწყო და ახლა პარლამენტში გადმოინაცვლა. ის გულისხმობს 180 კანონის, პრაქტიკულად მთელი ეროვნული კანონმდებლობის თვითმმართველობის კოდექსთან ჰარმონიზაციას. ეს საკანონმდებლო სამუშაო გულისხმობს, მათ შორის, თვითმმართველობებისთვის კონსტიტუციის დონეზე შექმნილი გარანტიების საკანონმდებლო აქტებში ასახვას“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
მანვე სამომავლო გეგმებზე საუბრისას, „მთის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებსა და დეცენტრალიზაციის რეფორმაზე ისაუბრა და მათი მნიშვნელობა შეაფასა.
„რეგიონების განვითარებისთვის და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, გაგრძელდება სხვადასხვა ტიპის მუნიციპალური, კულტურული, ტურიზმის, სპორტის, განათლებისა და ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარება. და რაც მთავარია, ეს ყველაფერი გახლავთ ყოველდღიური სამუშაო. ყოველდღიური ძალისხმევის საგანი და როგორც ვხედავთ, ამ ძალისხმევას აქვს თავისი შედეგები“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
მაია ცქიტიშვილმა თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა პარლამენტთან თანამშრომლობისათვის და იმედი გამოთქვა, რომ ერთად მუშაობით, ყველა პრობლემას გაუმკლავდებიან. ამის შემდეგ, პარლამენტმა საკანონმდებლო საქმიანობა გააგრძელა.
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა:
კანონპროექტი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტი წარადგინა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა და მისი მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა.
კანონპროექტის შემუშავების მიზეზია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ გამოყენებული შემზღუდავი ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდა, მსხვერპლთა დაცულობის ამაღლება და ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის გამკაცრების აუცილებლობა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ამოცანაა, რომ პრევენციულად მყისიერად, დროულად მოხდეს რეაგირება პოტენციურ მოძალადეებთან მიმართებაში, რა მიზნითაც შემოთავაზებულია ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება. კანონპროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ პრინციპების დონეზე წარადგინა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა.
მისი თქმით, შემოდის შესაძლებლობა მუნიციპალიტეტებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებასთან დაკავშირებით. დღემდე ამის შესაძლებლობა თბილისის გარდა არც ერთ მუნიციპალიტეტს არ ჰქონდა. პარლამენტმა ასევე პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (პარლამენტის წევრების: გოგა გულორდავას და გურამ მაჭარაშვილის ინიციატივა). მომხსენებელ გოგა გულორდავას განცხადებით, კანონპროექტის მიხედვით, შესაბამისი თამბაქოს ნაწარმის (გარდა თხევადი თამბაქოს ნაწარმისა) მიწოდება დასაშვებია ასევე იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია 15 გრამი ნეტო-მასის პირველად საფუთავებში, გარდა თამბაქოს ნაწარმის დამზადების მიზნით მიწოდების ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევისა. დეპუტატების ერთი ნაწილის განცხადებით, ეს კანონპროექტი ზრდის თამბაქოზე ხელმისაწვდომობას, რაც პარლამენტის მიერ გაცხადებულ თამბაქოს პოლიტიკას ეწინააღმდეგება.
პარლამენტმა ასევე განიხილა:
მეორე მოსმენით: კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; კანონპროექტი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
მესამე – საბოლოო მოსმენით: საკანონმდებლო პაკეტი „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“; კანონპროექტები: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
პარლამენტის დადგენილების პროექტები: „საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 1995 წლის 9 იანვრის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ოქმის რატიფიცირების თაობაზე“; „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა)“ რატიფიცირების შესახებ“; „2018 წლის 5 იანვრის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი – კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება)“ N1 ცვლილების შეთანხმების რატიფიცირების შესახებ“; „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების“ რატიფიცირების შესახებ“; „აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სპეციალური ძალების სწავლება „კავკასიის არწივის“ შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის რატიფიცირების შესახებ“.
პარლამენტის გადაწყვეტილებით, განხილულ საკითხებზე კენჭისყრა მომავალ პლენარულ სხდომაზე შედგება.