ბოლო წლების მანძილზე საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ა

25/11/2023

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან მსოფლიო კამპანიას შეუერთდა, რომლის პირველი ოფიციალური შეხვედრაც მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ნიკო თათულაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, კაორი იშიკავამ, მარნეულის მერმა, კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, მარნეულის გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ სიტყვით მიმართეს. აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო შეხვედრები, კამპანიის „გავერთიანდეთ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის პრევენციისთვის“ ფარგლებში, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ორგანიზებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პარტნიორობით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება.
ბოლო წლების მანძილზე საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ამ მიმართულებით, რაც განპირობებულია მულტისექტორული, კოორდინირებული მიდგომითა და მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელებით.
საქართველოს მთავრობა, პარტნიორებთან ერთად, კვლავ გააგრძელებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ქმედითი ღონისძიებების განხორციელებას.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით. მას მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია აღნიშნავს. კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა.
მარნეულის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, კახა კობერიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული და ადგილობრივი უწყებების ხელმძღვანელი პირები, მარნეულის გენდერული საბჭოს, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის, მარნეულის სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე სოციალური მუშაკები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0