სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან და წალენჯიხის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად ძლიერი ქარის შედეგად მუნიციპალიტეტისთვის მიყენებულ ზარალს ადგილზე გაეცნო. სახელმწიფო რწმუნებული სტიქიისგან დაზარალებულ ოჯახებში იმყოფებოდა და მათ დახმარება აღუთქვა.
გიორგი გუგუჩიას განმარტებით ახლა ჯერი წალენჯიხის ადგილობრივ ხელისუფლებაზე, რომ დროულად მოხდეს ზარალის დათვლა, აღრიცხვა და სამხარეო ადმინისტრაციისთვის მიწოდება, რათა ცენტრალური ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხა გამოიყოს. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ყველა სტიქიის დროს წალენჯიხას ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა, რასაც ბოლო წლებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხები მოწმობს.
„ბოლო სტიქიამ რეგიონში მნიშვნელოვანი ზარალი მოგვაყენა, ეს ზარალი ძირითადად მოსახლეობაზე მოვიდა, გამომდინარე იქიდან, რომ 320-ზე მეტი სახლის სახურავია დაზიანებული, არის რამდენიმე კორპუსის სახურავი დაზიანებული, არის რამდენიმე ბაღი, სკოლა დაზიანებული სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, ასევე ანაკლიაში გვქონდა წყალდიდობა, კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ენგური. რაც შეეხება წალენჯიხის მუნიციპალიტეტს, აქ ყველაზე მეტი საცხოვრებელი სახლია დაზიანებული, აქვე ჩვენ ვიყავით ორ საჯარო სკოლაში, რომლებიც დაზიანებულია სტიქიის შედეგად, ახლა ჯერი არის მუნიციპალიტეტზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად შექმნან ზარალის დამთვლელი კომისიები, რომლებიც უკვე შეადგენენ დეფექტურ აქტებს, ზარალი გევქნება გამოხატული თანხობრივად და შესაბამისად მიეცემა ცენტრალურ ხელისუფლებასაც და თვითონ ადგილობრივ ხელისუფლებასაც სარეზერვო ფონდებიდან ზარალის აღმოფხვრან“ – განაცხადა სახელმწიფო
რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და დასძინა, რომ წალენჯიხაში, ბოლო წლების განმავლობაში მომხდარი სტიქიების დროს ცენტრალური მთავრობის რეაგირება იყო ყოველთვის მყისიერი, რათა სტიქიის შედეგები აღმოფხვრილიყო.