ბოლნისში 480-მა ბენეფიციარმა ჰუმანიტარული დახმარება მიიღო

27/08/2020

საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები და პირადი მოხმარების ნივთები დღეს ბოლნისში 480-მა სოციალურად დაუცველმა მარტოხელა ხანდაზმულმა მიიღო. საქართველოს „წითელი ჯვრის საზოგადოება“-სა და „გაეროს მოსახლეობის ფონდის“ პარტნიორობით, საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში, covid-19-თან დაკავშირებით ხორციელდება ერთობლივი პროექტი, რომელიც ხანდაზმულთა მხარდაჭერის კუთხით სხვადასხვა ღონისძიებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში დღეს ბოლნისში საქველმოქმედო აქცია მოეწყო. ამანათების დარიგებას ორგანიზება წითელი ჯვრის ბოლნისის ორგანიზაციამ და ბოლნისის მუნიციპალიტეტმა გაუწია, რომელშიც 5 ლიდერი და 45 მოხალისე მონაწილეობდა. აქციამ მუნიციპალიტეტის თითოეული სოფელი მოიცვა.

“საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება”-სა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებულია მემორანდუმი, რომელიც ერთობლივად მსგავსი სახის პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

“მუნიციპალიტეტს გაფორმებული აქვს მემორანდუმი “საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან“, რომლის ფარგლებშიც, გაეროს ფონდის მხარდაჭერით დღეს ხორციელდება ერთობლივი პროექტი. ბოლნისში მცხოვრები ხანდაზმული მოქალაქეებისთვის ჩამოტანილია 480 პაკეტი. ნობათები მოიცავს პირველადი მოხმარების ნივთებს, პროდუქტებს და ჰიგიენის საშუალებებს. ბოლნისის მუნიციპალიტეტი ორგანიზებას უწევს და ყოველთვის მხარს უჭერს მსგავს პროექტებს და ასევე მადლობას უხდის თითოეულ ორგანიზაციას გაწეული დახმარებისთვის”,- აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ვალენტინა ნავერიანმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0