ბოლნისში ფესტივალი „ღვინის დღეები“ გაიმართა

13/10/2023

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქალაქ ბოლნისში ფესტივალი „ღვინის დღეები“ გაიმართა. ფესტივალის სტუმრებს, ძველ გერმანულ უბანში, წისქვილის ქუჩაზე, ბოლნისელი მეღვინეების მიერ წარმოებული ღვინის დეგუსტაციის შესაძლებლობა ჰქონდათ. ასევე, მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა. დღის მანძილზე გაიმართა სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი აქტივობა, რომელიც გათვლილი იყო ნებისმიერი ასაკის ვიზიტორზე. საფესტივალო პროგრამის ფარგლებში გაიმართა ღვინის კოქტეილების დეგუსტაცია, ჩურჩხელების ამოვლების, პურის ცხობისა და ფელამუშის მომზადების მასტერკლასები, საწნახელში საზეიმოდ დაიწურა ყურძენი. სპეციალურად ფესტივალის პატარა სტუმრებისთვის სხვადასხვა საბავშვო აქტივობაც ჩატარდა. ღვინის ფესტივალს მუსიკალურად აფორმებდა გიგი პიანომენი, დღის ბოლოს გაიმართა კონცერტი რომელშიც ანსამბლმა „ალილომ“, ბენდმა ¼ და ლინდა ადამიამ მიიღეს მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ ღვინის ფესტივალს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი და ის, საქართველოს მასშტაბით ყოველწლიურად გაიმართება.
„ღვინის დღეებს“ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ნიკა კობახიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ-დეპუტატი, გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ ჟორჟოლიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0